საბერძნეთში კონსერვატიულ პარტია „ახალ დემოკრატიას“ დაევალა კოალიციური მთავრობის შექმნა და საამისოდ მოლაპარაკებების დაწყება მას შემდეგ, რაც მას ერგო ყველაზე მეტი ხმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. „ახალი დემოკრატიის“ ლიდერმა ანტონის სამარასმა ათენში, პრეზიდენტ კაროლოს პაპულიასისგან მიიღო შესაბამისი მანდატი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ შეეცდება შექმნას მთავრობა საბერძნეთში მომჭირნეობის მკაცრი ზომების გასატარებლად, რაც შეთანხმებულია უცხოელ კრედიტორებთან, ფინანსური დახმარების მისაღებად. „ბატონო პრეზიდენტო, ამ მანდატით დაუყოვნებლივ შევეცდები, შევქმნა გრძელვადიანი ეროვნული ხსნის მთავრობა პარტიებთან ერთად, რომლებსაც სჯერათ ევროპული პერსპექტივისა და ევროსი“, - განაცხადა სამარასმა. საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებამ დროებით მაინც გააქარწყლა შიში, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, დატოვოს ევროზონა, რაც მწვავე გლობალური საფინანსო კრიზისის საფრთხეს შექმნიდა. ორშაბათს ევროპის ბაზრებზე ჯერ იმატა აქციების და ევროს კურსმა, მაგრამ მალევე იკლო ესპანეთისა და იტალიის ვალებით გამოწვეული შეშფოთების ფონზე.