აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს დილით ბათუმში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და შემდეგ მასთან ერთად დაესწრო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას. სხდომაზე გამოსვლისას კლინტონმა ისაუბრა კომისიის მუშაობაზე, რომელიც მისივე თქმით, მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაძლიერებას, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის განვითარებას და დახმარებას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების აღსასრულებლად. პირველი პრიორიტეტი, რომელიც სახელმწიფო მდივანმა დაასახელა, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაა. ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ეს პროგრესი მსოფლიომაც აღნიშნა. ”ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ მოახდიონოს დემოკრატიული ფასეულობების კონსოლიდაცია, რაც უმთავრესია ქვეყნის მომავლისთვის და საქართველოს დააახლოვებს ევროატლანტიკური მისწრაფებების აღსრულებასთან” - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. მისივე თქმით, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას გააღრმავოს დემოკრატია და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობა როგორც ადგილობრივი საზოგადოების, ისე მსოფლიოს თვალში. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ლიდერებს, უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი კამპანია, რათა არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი როგორც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ასევე არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში. ჰილარი კლინტონის განცხადებითვე, საქართველოს წინ ელის უფრო რთული სამუშაო, რომელიც არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს გასაძლიერებლად დემოკრატიის ისეთი მნიშვნელოვანი საფუძვლებისა, როგორიცაა შრომითი უფლებები და სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა.