ჰილარი კლინტონი: სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთ აშშ-ში ჩასვლა გაუადვილდებათ

ბათუმში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მოუწოდებს მას, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება. ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ასევე გულისხმობს სამხედრო ძალების დაბრუნებას კონფლიქტამდელ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად ხელმისაწვდომობას. ამავე გამოსვლისას კლინტონმა ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთ აშშ-ში ჩასვლას გაუადვილებს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას აშშ მიიჩნევს წინ გადადგმულ ნაბიჯად საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად და სამართლიანად მოგვარების პროცესში.