სტიქიამ საგარეჯოს რაიონი დააზარალა

გურჯაანისა და ლაგოდეხის შემდეგ, 14 მაისის სტიქიამ საგარეჯოს რაიონი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, სოფელ ნინოწმინდაში, აგრეთვე ხაშმში, წყაროსთავში, პატარძეულსა და გიორგიწმინდაში ნათესები და ნარგავები მთლიანად გაანადგურა, 30-მდე ოჯახს კი საგარეჯოში სანიაღვრე არხებიდან გადმოსული წყალი სახლში შეუვარდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მთლიანად განადგურდა ვენახებიც:

"ვანახები გაანადგურა მთლიანად, აღარაფერი დარჩა. ალუჩას ესხა იმდენი, რომ არ ვიცოდი სად წამეღო, თუმცა ერთი ცალიც აღარ შერჩა. ვენახების გარდა, დაზიანდა ხეივანი და ბოსტნეული. რომ შეიმოიხედოთ ჩემს ეზოში, გული მოგიკვდებათ."

საგარეჯოში სამაშველო სამუშაოები და ზარალის შეფასება-შესწავლა მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი ამბობს, რომ დაზარალებულებს დახმარებისთვის შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას გაუწევენ. ჭიაურელის განცხადებით, ძნელია ითქვას, რამდენად მოხერხდება ზარალის სრულად ანაზღაურება, რადგან იქ, სადაც სეტყვა იყო, მოსავალი 100 პროცენტით გაფუჭდა:

"დასეტყვილია 100 %-ით. კომისია უკვე დადის და აღწერას აკეთებს. სადაც სტიქია იყო, იქ მოსახლეობა მოსავალს ვეღარ მიიღებს, იმდენად არის დაზიანებული ნარგავები. ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის დახმარების შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას და შესაბამის ორგანოებს შეგროვებულ ინფორმაციებს მივაწვდით, გადაწყვეტილებას დახმარების თაობაზე ისინი მიიღებენ."

სეტყვა არ ყოფილა, მაგრამ 13 მაისის ძლიერმა წვიმამ გურჯაანის და ლაგოდეხის რაიონებიც დააზარალა. აუნაზღაურებენ თუ არა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრებ 73 წლის ფირუზ ბერიკაშვილს ზარალს, ეს ჯერ არ იცის. მას მარწყვის ნარგავები მოვარდნილმა წყალმა გაუნადგურა და შემოსავლის გარეშე დატოვა.

"ჩვენც დაგვაზარალა, შვილო! ძირითადი მოსავალი მარწყვია და მოვარდნილმა წყალმა სულ გააფუჭა", - თქვა ფირუზ ბერიკაშვილმა.

მთავრობის პირველადი გათვლებით, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სტიქიის მიერ ინფრასტრუქტურული კუთხით მიყენებული ზარალი 5 მლნ ლარს შეადგენს.

კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დახმარება საქართველოს პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს დაავალა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა აღმოუჩინონ მატერიალური მხარდაჭერა.