ევროპის ჩემპიონატი უკრაინასა და პოლონეთში - ვინ სად წავა ფეხბურთის სანახავად?

უკრაინის და პოლონეთის დროშები

შესანიშნავი იდეაა ორ მეზობელ, მაგრამ სხვადასხვა განვითარების სახელმწიფოში მოეწყოს საფეხბურთო ჩემპიონატი - ისეთი, როგორიც წლევანდელი ევროპის საფეხბურთო ტურნირია. ვარშავას თავისთვისაც ძალიან უნდოდა და მისი პარტნიორის, უკრაინის ევროინტეგრაციის საქმეშიც შეიძლებოდა ამას მშვენიერი როლი ეთამაშა. როცა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა, ევროპის ჩემპიონატი 2012 წელს პოლონეთსა და უკრაინაში გაიმართებაო, სიხარული ყველგან დიდი იყო და დიდი იყო იმედებიც, რომ ეს უკრაინის დასავლურ ინტეგრაციას წაადგებოდა.

მაგრამ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოსადმი საპატიმროში ძალადობრივი მოპყრობის გამო პოლიტიკოსთა მოწოდებებმა ბოიკოტი გამოუცხადონ საფეხბურთო მატჩებს უკრაინაში, თითქოს პოლონეთს გეზი აცვლევინა.

ახლა ისმის მუქარა, რომ იქნება ბოიკოტი, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას, რათა უკრაინის მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ტიმოშენკოს საკითხს. პოლიტიკოსმა 20 აპრილს დაიწყო და მხოლოდ 9 მაისს შეწყვიტა, მის მიმართ ციხეში ძალადობრივი მოპყრობის პროტესტის ნიშნად, შიმშილობა. ტიმოშენკო „ნარინჯისფერი რევოლუციის“ სახელით ცნობილი პროდასავლური რეფორმატორული მოვლენის ერთ-ერთი ლიდერი იყო ამ ქვეყანაში, რომელსაც ახლა პრორუსული ორიენტაციის ვიქტორ იანუკოვიჩი მართავს. ევროკავშირის არაერთმა მოხელემ - უზენაესმა კომისარმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, ასევე საგარო პოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა, აგრეთვე იუსტიციის და სპორტის კომისრებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში ფეხბურთზე არ ჩავლენ, მაგრამ პოლონეთში თამაშებს დაესწრებიან. ევროკავშირელთა გარდა, უკრაინაში საფეხბურთო მატჩების ბოიკოტით იმუქრებიან ცალკეულ სახელმწიფოთა წარმომადგენლები - ავსტრიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდიდან. იუწყებიან, რომ გერმანიის კანცლერიც შეიძლება არ ჩავიდეს იქ, მით უმეტეს, რომ ანგელა მერკელმა 10 მაისს თავისი ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატას - ბუნდესტაგს - უთხრა, უკრაინა ბელორუსიას დაემსგავსა, დიქტატურააო. აქვე გეტყვით, რომ 11-12 მაისისთვის შუა და აღმოსავლეთ ევროპის სამიტი უნდა გამართულიყო უკრაინაში - ყირიმში, იალტაში - და ჩაიშალა.

ამ ვითარებაში უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ვარშავა. ეს ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის თავგამოდებული მომხრეა და, შესაბამისად, უკრაინის ინტეგრაცია მისთვისაც მნიშვნელოვანია. ამასთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში პოლონეთი ცდილობს უკომპრომისო იყოს. ახლა კი, როცა დასავლეთს სურს უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს, პოლონეთის მთავრობას უწევს დაიცვას სხვა იდეა: პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს მიაჩნია, რომ ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტი ტიმოშენკოს ვერ დაეხმარება. ტუსკის აზრით, თვითონ ტიმოშენკო არ ისურვებდა იმის წარუმატებლობას, რასაც თვითონ ამზადებდა წლების განმავლობაში. პოლონეთის ელჩი ევროკავშირში იან ტომბინსკი იმედგაცრუებას გამოხატავს ჩემპიონატის მაღალ დონეზე პოლიტიზების გამო:
ბოიკოტებს არასოდეს მოუტანია სარგებლობა და ამას სპორტის ისტორიაც ადასტურებს. გაერო უპირატესობას დიალოგს ანიჭებს ...
ვილი ლემკე

„ასე არჩევით სპორტული ტურნირებისთვის ბოიკოტის გამოცხადების მომხრე არა ვარ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვაქვს პრობლემები და, ალბათ, ბევრის მიმართ შეგვიძლია კრიტიკული ვიყოთ. ბოიკოტის პრინციპი ყველა მათგანის მიმართ თანაბრად და თანასწორად რომ გავატაროთ, მართლა სირთულეები შეგვექმნება - თუნდაც ყველა ამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებში გარკვევის შესაძლებლობის მხრივ.“

ტომბინსკი იხსენებს მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის, ასევე 1984 წელს ლოს ანჯელესის ოლიმპიადის ბოიკოტებს და ამბობს, რომ პოლიტიკის და სპორტის ერთმანეთში აღრევა შეცდომაა. ამავე აზრისაა გაეროს საგანგებო მრჩეველი სპორტის საკითხებში ვილი ლემკე, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ დიალოგით და მოლაპარაკებით შეიძლება პოლიტიკაში და ასევე სპორტში რამის მიღწევა:

„ბოიკოტებს არასოდეს მოუტანია სარგებლობა და ამას სპორტის ისტორიაც ადასტურებს. გაერო უპირატესობას დიალოგს ანიჭებს.“

ვცდილობთ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გავყოთ, თუმცა გვესმის, რომ ეს ძნელია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფეხბურთი - საერთოდ, სპორტი - პოლიტიკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, -ამბობს გაეროს წარმომადგენელი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინაში ჩასვლა ჯობს, დიალოგით მეტის მიღწევა შეიძლება.

ევროპის პოლიტიკოსებს შორის არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაზეა აზრი გაყოფილი, სხვადასხვა პოზიცია არსებობს საერთოდ ბოიკოტებთან დაკავშირებითაც. თუ ახლა უკრაინას ვუცხადებთ ბოიკოტს, რატომ ვეგუებით კრემლის მოქმედებას? - კითხვას სვამს პოლონელი კანონმდებელი, ევროპარლამენტის წევრი პაველ ზალევსკი, რომელიც ამბობს, ევროკავშირს არ გამოუცხადებია ბოიკოტი რუსეთისთვის, სადაც გაასამართლეს და ხანგრძლივ პატიმრობაშია ყოფილი მაგნატი მიხაილ ხოდორკოვსკიო:

„როცა რუსეთში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, როცა წლებია უკვე, რაც საპატიმროშია ხოდორკოვსკი, რომელიც პოლიტიკური სარჩულით გაასამართლეს, მე არ გამიგია, რომ ამ ეგრეთ წოდებულ „თავისუფლების ქომაგებს“ რუსეთისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინოთ. პირიქით, ძალიან ინტენსიური ურთიერთობა აქვთ რუსეთთან. ეს შერჩევითი, შეუსაბამოდ განსხვავებული მიდგომა ადამიანის უფლებების საკითხისადმი უკრაინაში ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.“

თუ მართლაც გვსურს ჩვენი პოზიცია ვუჩვენოთ დიქტატორულ რეჟიმს, ლუკაშენკოს რეჟიმს, უნდა გამოვიყენოთ ისეთი იარაღი, რომელიც მას მართლაც ტკივილს მიაყენებს ...
პოლონეთის წარმომადგენლები - მათ შორის, ბრიუსელში პოლონეთის საელჩო - ფიქრობენ, რომ უკრაინაზე საჭიროა პოლიტიკურ დონეზე ზეწოლა, რასაც ვარშავა ახორციელებს კიდეც. 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის უკრაინაში დაგეგმილი მატჩებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო დავა გაამძაფრა ცნობილმა ფაქტმა, რომ ევროპა ბოიკოტს უცხადებს 2014 წლისთვის ბელორუსიაში დაგეგმილ ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატს. ევროპარლამენტმა საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდა შეცვალოს გადაწყვეტილება და არ გამართოს ავტოკრატიულ სახელმწიფოში ჩემპიონატი. ამ ბოლო წლებში პოლონეთი ბელორუსიისთვის ევროპის კავშირის სანქციების მოსურნეთა ავანგარდშია, რაც ვარშავას პოზიციას ურთულებს უკრაინის საკითხში. თუმცა ევროპის კავშირში ამ ქვეყნის ელჩს, ტომბინკის, არგუმენტი აქვს:

„თუ მართლაც გვსურს ჩვენი პოზიცია ვუჩვენოთ დიქტატორულ რეჟიმს, ლუკაშენკოს რეჟიმს, უნდა გამოვიყენოთ ისეთი იარაღი, რომელიც მას მართლაც ტკივილს მიაყენებს. ჩვენ ხომ ვიცით, ჰოკეის როგორი მოყვარულია ის და ბოიკოტი მართლაც დააფიქრებს მას, დაანახვებს, რომ მის ასეთ ქცევას საზღვარი აქვს.“

უკრაინის მთავრობის პოზიცია ადვილი წარმოსადგენია. რა თქმა უნდა, არც მას სურს ბოიკოტის სამიზნე იყოს. ევროპის მედია იუწყება, რომ ევროპის ჩემპიონატის ინფრასტრუქტურის შექმნაზე ბევრმა მოითბო ხელი. მართალია, ამას არავინ იძიებს, მაგრამ თანხა, რაც დაიხარჯა, 10 მილიარდი ევრო, გერმანიის მედიის თანახმად, 16-ჯერ აღემატება ხარჯს, რომელიც ოთხი წლის წინ ავსტრიამ და შვეიცარიამ გაიღეს ანალოგიური ტურნირისთვის, რაც ეჭვს აღძრავს. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველმა ჰანა ჰერმანმა რუსეთის მედიას უთხრა,

რომ უკრაინა ძალას იკრებს, აძლიერებს თავის დამოუკიდებლობას და პოლიტიკას, უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება რეგიონში და ეს არ სურთ გარკვეულ ძალებს. იულია ტიმოშენკო არამეგობრების ხელში, უბრალოდ, მექანიზმია, უთხრა რუსეთის ტელევიზიას იანუკოვიჩის მრჩეველმა. კიევის მიმართ ყველაზე საქმიანი პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი იყო. მან თქვა, მტკიცედ ვეწინააღმდეგები უკრაინაში ჩემპიონატის ყოველგვარ ბოიკოტს. ამავე დროს, ვთვლი, რომ არაფერი ეს არ მოხდებოდა, უკრაინას რომ არ ჰქონდეს მოძველებული, ევროპული სტანდარტების საპირისპირო კანონები, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნისას მიღებული გადაწყვეტილებების გამო სამართლებრივ დევნას ითვალისწინებსო.

ევროპის ჩემპიონატამდე თვეზე ოდნავ ნაკლები რჩება. პირველი თამაში ვარშავაშია. ხარკოვში, სადაც ყოფილი პრემიერი, პროდასავლური პოლიტიკოსი, სასჯელს იხდის, 9 ივნისს ერთმანეთს დანიისა და ნიდერლანის გუნდები ხვდებიან.