ქუთაისის ე.წ. პრესტიჟულ სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა

ქუთაისში მოქმედ 30-მდე საჯარო და 10-მდე კერძო სკოლაში ერთი კვირაა პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. როგორც ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლებში ჩარიცხული პირველკლასელთა მშობლები აღნიშნავენ, ე.წ. პრესტიჟულ სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაცია 17 აპრილს დაიწყო და იმ დღესვე დასრულდა, რადგან ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო, ქალაქის გარეუბნებში მდებარე საჯარო სკოლებში კი, მშობლების თქმით, რეგისტრაცია გრძელდება და მსურველებს დარეგისტრირება თავისუფლად შეუძლიათ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონლაინრეგისტრაცია შეფერხებებით მიმდინარეობდა - პირველკლსელთა მშობლები ვერ ახერხებდნენ სარეგისტრაციო ფორმის გახსნას და სასურველი სკოლის მოძებნას. როგორც განათლების სამინისტროს ინტერნეტსაიტზეა მითითებული, ონლაინრეგისტრაციისას საჭიროა ბავშვის სახელის, გვარისა და საჯარო რეესტრში მინიჭებული პირადი ნომრის დაფიქსირება და სასურველი სკოლის არჩევა. რეგისტრაცია ორ თვეს გასტანს და 17 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მშობლებმა სკოლას ოფიციალური საბუთებით უნდა მიაკითხონ. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში შეუძლიათ მისვლა მათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება ან დარეგისტრირება ვერ მოახერხა.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა აზრით, შედარებით მარტივი იყო იმ პირველკლასელების რეგისტრაცია, ვისი დედმამიშვილი უკვე სწავლობს სკოლაში ან ვისი მშობელიც მასწავლებელია. ასეთ პირველკლასელთა რეგისტრაცია 2 აპრილიდან 17 აპრილამდე მიმდინარეობდა. მშობლების თქმით, მათ განსაკუთრებული პრობლემები არ შეჰქმნიათ და შვილების დარეგისტრირება თავად სასურველ საჯარო სკოლაში მოახდინეს.

როგორც ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელი სოფო ჩიხლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, შვილის დარეგისტრირება სასურველ სკოლაში მარტივად შეძლო. სოფო ჩიხლაძის აზრით, ონლაინრეგისტრაციით მშობლისთვის ბიუროკრატიული ბარიერები მოიხსნა.

თუ რამდენი პირველკლასელია დარეგისტრირებული ამ დროისთვის ქუთაისში და რამდენად ხელმისაწვდომია ადგილობრივ რესურსცენტრში პირველკლასელთა დარეგისტრირება იმ მშობლებისთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე ან ამ დრომდე ვერ მოახერხა შვილის რეგისტრაცია სასურველ სკოლაში, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში არ ისურვეს და განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართეს, სადაც ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.