რუსეთი თითქმის ორი კვირის შემდეგ გამოეხმაურა საქართველოს მიერ 3 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსეთის ფედერაციის მიმართ შეეწყვიტა ღია ცის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თბილისმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვმა თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს და აკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ საქართველომ ღია ცის ხელშეკრულება დაარღვია. ლუკაშევიჩის თქმით, თბილისის გადაწყვეტილება პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ საქართველო მის ტერიტორიაზე არ დაუშვებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის მონაწილეობით მაშინ, როდესაც ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მისი რომელიმე წევრი ქვეყნის უფლების დისკრიმინაციულ შეზღუდვას. რუსი დიპლომატის შეფასებით, საქართველოს გადაწყვეტილება სახიფათო პრეცედენტია და შესაძლოა, ღია ცის ხელშეკრულების საერთოდ დაშლა გამოიწვიოს. რაც შეეხება თავად რუსეთის გადაწყვეტილებას, ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აუცილებელი გახდა მათ მიმართ გამოეყენებინა ხელშეკრულების დებულება, რომელიც არაწევრ ქვეყნებთან უშუალო სიახლოვეს სადამკვირვებლო ფრენებს კრძალავს.