სოზარ სუბარი ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობს

სოზარ სუბარი

ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა, ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ინფორმაციით, ხელისუფლებიდან მოდიოდა - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც კოალიცია ”ქართული ოცნების” დავალებით კომახიძეს შვეიცარიაში შეხვდა. ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ Facebook-ით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ვახტანგ კომახიძის ინფორმაციით, შუამავალი რომელიც შეხვდა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა გააცნო, ხელისუფლების წარმომადგენელმა გაგზავნა და ორივე მათგანს კარგად იცნობს. ”როგორც ვახტანგ კომახიძე ამბობს, ადამიანისთვის, რომელმაც შუამავალი გაუგზავნა, ინფორმაციის მიწოდების მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია და სამომავლოდ პასუხისმგებლობის თვიდან აცილება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის სქემა და ადგილი ბოლომდე გაშიფრული არ ყოფილა, თუმცა, კომახიძის მიერ წყაროდ დასახელებული პირის ინფორმაციით, მომზადებული იყო 2 ადამიანი და თავდასხმა იგეგმებოდა რომელიმე რეგიონში ივანიშვილის სტუმრობისას. შვეიცარიაში, სადაც ვახტანგ კომახიძე თავშესაფრით სარგელობს, სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ჟურნალისტთან საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა იმ შემთხვევისთვის, თუ კომახიძეს იურიდიული დახმარება დასჭირდება.