სანტორუმმა გზა დაუთმო მიტ რომნის, თუმცა პრეტენდენტთა ბრძოლა გრძელდება

მიტ რომნი

მას შემდეგ, რაც სამშაბათს შეერთებული შტატების ყოფილი სენატორი, რესპუბლიკელი რიკ სანტორუმი პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონკურსს ჩამოშორდა, ნომინაციაში გამარჯვებას ყველა ერთხმად მიტ რომნის უწინასწარმეტყველებს. თუმცა საკუთარი დამარცხების აღიარებას არ ჩქარობენ ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი, რომლებიც, მცირე შანსების მიუხედავად, რამდენიმე მიზეზის გამო შესარჩევ ტურში მონაწილეობას აგრძელებენ.

შეერთებული შტატების ყოფილმა სენატორმა, რესპუბლიკელმა რიკ სანტორუმმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად გამართული პარტიული არჩევნების ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, სამშაბათს განაცხადა, რომ წყვეტს საპრეზიდენტო
კანდიდატის კამპანიას, რათა მეტი დრო დაუთმოს თავის 3 წლის ავადმყოფ გოგონას, რომელიც გასულ კვირას საავადმყოფოში მოათავსეს. სანტორუმის ეს გადაწყვეტილება უცნაური ჩანს იმდენად, რამდენადაც სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ის განსაცვიფრებელს უწოდებდა თავის მიერ 11 პრაიმერიზსა და რამდენიმე პარტიულ კოკუსში ნაჩვენებ შედეგებს:

„ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ 11 შტატში. მოვიპოვეთ მილიონობით ამომრჩევლის, მილიონობით ამომრჩევლის ხმა. ჩვენ დავაგროვეთ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ამ რბოლაში მონაწილე ერთად აღებულმა სხვა კანდიდატებმა. ჩვენ ძალიან შორს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ღრმად შევძელით ამ მესიჯის გავრცელება.“
ერთიანი კანდიდატის ვინაობა უფრო ადრეც გაირკვა, როდესაც მიტ რომნიმ ორი კვირის წინ, ჯერ ილინოისის პრაიმერიზში, მანამდე კი ერთ დღეს ერთბაშად სამ შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა...
ბრაიან ვიტმორი

სანტორუმის უარის შედეგად სამამდე შემცირდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრეტენდენტთა სია. წინასწარი მონაცემებით კი, მიმომხილველები რესპუბლიკური პარტიის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატის ტიტულს მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის უწინასწარმეტყველებენ. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტიის დანარჩენი ორი პრეტენდენტი, ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი ოფიციალურად კვლავ აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას, ყველაფერი დიდი ხანია გარკვეულია, - ამბობს ჩვენი რადიოს მიმომხილველი, ბრაიან ვიტმორი:

„პრაიმერიზის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ ეს კანდიდატია მიტ რომნი. რიკ სანტორუმმა ეს გააცნობიერა და ჩამოშორდა ასპარეზობას, რადგან თუ დააკვირდებით პრაიმერიზების შედეგად მიღებული დელეგატების რაოდენობას, ცხადია, რომ იგი ვერ შეძლებდა რომნის დაწევას და თანაც ის განიცდიდა პარტიის ისტებლიშმენტის ზეწოლას, რომ შეეწყვიტა ბრძოლა, რომელშიც მარცხი გარდაუვალი იყო. ერთიანი კანდიდატის ვინაობა უფრო ადრეც გაირკვა, როდესაც მიტ რომნიმ ორი კვირის წინ, ჯერ ილინოისის პრაიმერიზში, მანამდე კი ერთ დღეს ერთბაშად სამ შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა.“
პარტიულ კონფერენციაზე დელეგატები ხმას აძლევენ არა მხოლოდ კანდიდატებს, არამედ პარტიის პლატფორმას...
ბრაიან ვიტმორი

მაგრამ თუკი ბრძოლის გაგრძელებაში აზრი ვერ დაინახა რიკ სანტორუმმა, რის იმედზეღა აგრძელებენ პრაიმერიზში მონაწილეობას ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი, რომლებსაც კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე რიკ სანტორუმს? ჩვენი ამერიკელი კოლეგა ბრაიან ვიტმორი ფიქრობს, რომ პრეტენდენტები დარჩენილ დროს ბოლომდე გამოიყენებენ საკუთარი წინასაარჩევნო იდეების მეტი პოპულარიზებისათვის და ასევე იბრძოლებენ სავარაუდო ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის:

„პარტიულ კონფერენციაზე დელეგატები ხმას აძლევენ არა მხოლოდ კანდიდატებს, არამედ პარტიის პლატფორმას. შესაბამისად, ნიუტ გინგრიჩსა და რონ პოლს, რომლებიც, ცხადია, ვერ გახდებიან პარტიის ერთიანი კანდიდატები, პარტიულ კონფერენციაზე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პარტიის პლატფორმასა და ვიცე-პრეზიდენტის შესაძლო არჩევაზე.“

რესპუბლიკური პარტიის კონფერენცია ფლორიდაში აგვისტოში გაიმართება, შემდეგ კი ჩრდილოეთ კაროლინაში ჩატარდება დემოკრატების კონფერენცია, რომელზეც დემოკრატების ერთიან კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დასახელდება. ბარაკ ობამა ბრალს სდებს თავის მდიდარ მეტოქეს, მიტ რომნის, ნეგატიური სარეკლამო კამპანიის წარმოებისა და ხმების მოსყიდვის მცდელობაში. თავის მხრივ, მიტ რომნი აცხადებს, რომ ბარაკ ობამამ ამერიკა ეკონომიკურად დააქცია.