ბიძინა ივანიშვილი: დღეს ქვეყანას კვლავ უწევს ბრძოლა სამართლიანობისთვის

9 აპრილს თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო უწოდა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მან დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას კვლავ უწევს ბრძოლა სამართლიანობისთვის და სააკაშვილის სისტემასთან, რომელიც არ შეიძლება იყოს შედეგი ბრძოლისა, რომელშიც 23 წლის წინ ადამიანები დაიღუპნენ. ”ქართული ოცნების” ლიდერი გამოეხმაურა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, რომ ფინანსურად ეხმარებოდა 9 აპრილის აქციის დარბევის ერთ-ერთ ორგანიზატორს ალექსანდრ ლებედს. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია იმყოფებოდა, თუ არა ლებედი თბილისში და კვლავ განმარტა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში აფინანსებდა არა ლებედს, არამედ ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიას. ივანიშვილის თქმით, მაშინ არსებობდა კომუნისტების მხრიდან რევანშის საშიშროება, რომლის გამოც დიდი საფრთხის ქვეშ დადგებოდა ისიც, რისთვისაც თბილისში იბრძოდნენ თუნდაც 1989 წლის 9 აპრილს. ”მე დღესაც ვამაყობ, რომ მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთე. ელცინს მხარს უჭერდა მთელი მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება და არ არსებობდა უკეთესი არჩევანი, რადგან მეორე მხარეს იდგნენ კომუნისტები", - განაცხადა ”ქართული ოცნების” ლიდერმა.