ზოგი ენა ჯანმრთელობას რგებს?

ენების დღის სიმბოლიკა

ენების შესახებ არაერთი სტერეოტიპი არსებობს. ფრანგული განსაკუთრებით რომანტიკულად ითვლება, სიყვარულის ენად, გერმანული - ბიუროკრატიას, ან აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებას მორგებულად, იტალიური თითქოს სიმღერისთვის არის შექმნილი... მაგრამ თეორია, რომელსაც ამერიკელი ეკონომისტი, კით ჩენი ავითარებს, ალბათ, ყველასთვის უცნობი და მოულოდნელი კუთხით წარმოგვიდგენს ზემოხსენებულ და სხვა ენებს. მისი თეორიით, ენა გარკვეულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, დეიზი სინდელარმა სცადა ამ თეორიაში გარკვევა.

შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლის, იეილის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კით ჩენი აცხადებს, რომ ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ, ზეგავლენას ახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე ფულის დაზოგვის, ვარჯიშის, წონის დაკლება-მომატების, თამბაქოს წევის მიმართ... მოკლედ გამოდის, რომ ზოგი ენა სხვებზე უფრო მეტი სარგებლის მომტანია, უწინარეს ყოვლისა, დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ასეთ, სარგებლის მომტანებად კით ჩენი მიიჩნევს ენებს, რომლებიც არ მოითხოვს მკაცრ გრამატიკულ ფორმას მომავალი დროის საწარმოებლად. მათ მიეკუთვნება, მაგალითად, ესტონური. სხვა ენებზეც ვიტყვით, მაგრამ ჯერ სიტყვა მივცეთ რეგინა ნოჰოვას - ახალგაზრდა ესტონელ ქალს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დასახლდა ჩეხეთში.

„ესტონეთში ნელა ვლაპარაკობთ. ლაპარაკისას თითქმის არ ვაღებთ პირს. სიტყვების არტიკულაცია არ გვჭირდება. ასეთია ჩვენი ბუნება. იქ, ესტონეთში უფრო ცივა, ხალხი მეტ დროს ატარებს შენობებში და ამიტომ ვართ ასეთები. ჩემი აზრით, ძალიან დიდია სხვაობა ესტონელებსა და ჩეხებს შორის, როგორ ლაპარაკობენ, როგორ გამოხატავენ თავიანთ აზრებს“, ამბობს რეგინა. მისი მეუღლე ჩეხია, ოჯახში საერთო ენაც ჩეხურია..

რეგინა იხსენებს, რომ მის ქმარს ყოველთვის განსხვავებულ შეხედულებები ჰქნდა საკვებზე - ეს განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა, როცა წყვილს ბავშვები შეეძინა: „ვკამათობდით ჯანსაღ საკვებზე და მის მნიშვნელობაზე. ჩემ ქმარს ეს დიდად მნიშვნელოვნად არ მიაჩნდა. იგივე ეხება ვარჯიშს - მე იოგას მიმდევარი ვარ, ის არა. დღემდე ასეა“, ამბობს ესტონელი რეგინა.

ცოლქმრულ დავაში, რომელზეც რეგინა გვიყვება, თუ ამერიკელი ეკონომისტის, კით ჩენის თეორიით ვიმსჯელებთ, კანონზომიერებას დავინახავთ: ჩენს სჯერა, რომ დედა ენა – ან მთავარი ენა, რომლითაც ვსარგებლობთ - გავლენას ახდენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩვევებზე, შეხედულებებზე, კვებით და ვარჯიშით დაწყებული და სიბერისთვის ფულის შენახვით დამთავრებული.
ჩენი ირწმუნება, რომ ესტონურად, იაპონურად, გერმანულად, ან მანდარინზე მოლაპარაკე ადამიანები, სტატისტიკურად, უფრო ჯანმრთელი არიან, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მეტი ფული აქვთ.

ოჯახები, რომლებიც იყენებენ ენებს მომავალი დროის საწარმოებელი მოქნილი ფორმებით, სხვებზე 24 პროცენტით ნაკლებად მოიხმარენ თამბაქოს ...
კით ჩენი
თვით პროფესორ ჩენის თქმით: «იაპონელები ათწლეულებია, ფულს ბანკებში ინახავენ, მიუხედავად, ფაქტიურად, ნეგატიური საპროცენტო განაკვეთისა. ჩინელები გიჟდებიან ფულის დაზოგვაზე. გერმანელებიც ცნობილი არიან ფულის დაზოგვისაკენ მიდრეკილებით. სკანდინავიელებს, ჩრდილოეთის ხალხებს, როგორც წესი, ახასიათებთ ფულის სამომავლოდ დაზოგვა. აი, ეს იყო პირველი ურთიერთმიმართება ენასა და ქცევას შორის, რომელმაც მართლაც დამაინტერესა. რამდენად შესაძლებელია, რომ - თუ შენი ენა არ გაიძულებს, განსხვავებულად იფიქრო მომავალსა და აწმყოზე - უფრო გიადვილდებოდეს ფულის მომავლისათვის დაზოგვა, რადგან მომავალი შენთვის დიდად არ განსხვავდება აწმყოსაგან».

კით ჩენი ამ მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა მრავალი ქვეყნის შესახებ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ მონაცემების მოგროვებით და შესატყვისი ენების გრამატიკულ თავისებურებებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, რომლებიც მთლიანობაში, სხვებზე მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ფისკალურ პოლიტიკას; რომელთა მოსახლეობაშიც სხვებზე ძლიერი ტრადიცია აქვს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ლაპარაკობენ ენებზე მომავალი ფორმის შედარებით სუსტად გამოკვეთილი კატეგორიით.

კით ჩენს მაგალითად მოჰყავს გერმანული - ევროკავშირში ეკონომიკურად უძლიერეს ქვეყნებს შორის მყოფი გერმანიისა და ავსტრიის მკვიდრთა ენა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ, მაგალითად, ამინდის პროგნოზი გააკეთო მომავლის ფორმის გამოუყენებლად. შეგიძლია, დავუშვათ თქვა: “ხვალ წვიმს” (Morgen regnet es) და არა “ხვალ იწვიმებს” (Morgen wird es regnen). თუმცა, შესაძლებელია მეორე ფორმის გამყენებაც.

მსმენელმა იცის, რომ ქართულში ასეთი რამ გრამატიკულად გაუმართავად ჟღერს (ხვალ წვიმს). ამინდის პროგნოზისას, წესით, იხმარება „ხვალ იწვიმებს“. საერთოდ ქართულს, ისევე როგორც რუსულს, თურქულს, ინგლისურს, ჩეხურს – იმავე გერმანულზე უფრო მკაცრი წესები აქვს მომავალზე სალაპარაკოდ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ამ ენებზე მოლაპარაკეთა ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე...

ჩვენ გვრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ ზოგი ენა სხვებზე უფრო ლოგიკურია, ან მოწესრიგებული, ან რომანტიკული ...
ჯული სედევი
"ოჯახები, რომლებიც იყენებენ ენებს მომავალი დროის საწარმოებელი მოქნილი ფორმებით, სხვებზე 24 პროცენტით ნაკლებად მოიხმარენ თამბაქოს - დღეში ერთი კოლოფით ნაკლებს. მათ 13 პროცენტით უკეთესი შანსი აქვთ, რომ თავიდან აიცილებენ ჭარბწონიანობას. ისინი უკეთ აკონტროლებენ სიტუაციას პენსიაზე გასვლის დროს. ბევრი თვალსაზრისით, მათ გრძელვადიანი უკეთესი ჯანმრთელობა აქვთ“ -ამბობს კით ჩენი, რომლის თეორიაც, რა გასაკვირია, ნამდვილ სენსაციად მოედო ლინგვისტთა წრეებს.

ძირითად დებულებებზე მსჯელობისას, ზოგი ექსპერტი იმდენად შორის მიდის, რომ დაასკვნის: შესაძლოა, ამათუიმ ენის ბრალი იყოს მსოფლიოში ამათუიმ რთული პრობლემის მოგვარების უუნარობა. მაგალითად მოჰყავთ საბერძნეთის საფინანსო კრიზისი.

მაგრამ ლინგვისტების ნაწილი კატეგორიულად უარყოფს კით ჩენის დებულებებს. სკეპტიკოსებს შორის არის კალგარის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯული სედევი: „ჩვენ გვრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ ზოგი ენა სხვებზე უფრო ლოგიკურია, ან მოწესრიგებული, ან რომანტიკული. მაგრამ მიზეზია სინამდვილეში ასოციაციები, რომლებიც ჩვენთვის უკავშირდება ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებს და არა სპეციფიკური მექანიზმები, რომლებიც ახასიათებს თვითონ ენებს“.

ვინ არის მართალი, იეილის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლინგვისტიკით გატაცებული ეკონომისტი კით ჩენი, თუ მისი ოპონენტები - ამის შესახებ ახლა სამეცნიერო წლებში მსჯელობენ, ნაშრომის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე. მანამდე იმედი მაქვს, რომ კით ჩენის თეორიაში ერთ შეცდომას მაინც აღმოაჩენენ: დაასკვნიან, რომ ქართული ენა სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის!