რომის პაპი ბენედიქტე მე-16, რომელიც სამი დღით ესტუმრა კუბას, კუბელებს მოუწოდებს „განახლებული და ღია საზოგადოების“ აშენებისაკენ. პაპი გაუძღვა ღია ცის ქვეშ წირვას აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სანტიაგოში - რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მას სანტიაგოშივე მიესალმა კუბის მმართველი კომუნისტური რეჟიმის ლიდერი, პრეზიდენტი რაულ კასტრო. წირვის დაწყებამდე უშიშროების სამსახურის მუშაკებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ხმამაღლა დაიძახა „ძირს კომუნიზმიო“. დღესვე პაპმა ბენედიქტემ გაიხსენა თავისი წინამორბედის, იოანე პავლე მეორის 14 წლის წინანდელი, ისტორიული ვიზიტი კუბაში, აღნიშნა, რომ რომის პაპმა „წარუშლელი კვალი დატოვა ყველა კუბელის სულში“, მორწმუნეებში და არამორწმუნეებშიც. სამშაბათს ბენედიქტე მე-16 ჰავანაში ჩავა. კუბაში ვიზიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაპმა მოძველებული უწოდა მარქსისტულ სისტემას.