ქართველი მომხმარებლები ნავთობპროდუქტების ფასებს აპროტესტებენ

საქართველოში ბოლო სამი წლის ტენდენცია გრძელდება და ნავთობპროდუქტების ფასი თანდათანობით იზრდება. ბენზინისა თუ დიზელის საწვავის გაძვირებას ნავთობის იმპორტიორები, ეკონომიკის ექსპერტთა წრეები თუ რიგითი მომხმარებლები სხვადასხვაგვარად განმარტავენ. უკვე წლებია საზოგადოების ნაწილი აქტიურად გამოთქვამს პროტესტს საწვავის ფასების გამო და სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს მიმართავს. რა იწვევს ბენზინისა თუ დიზელის გაძვირებას?

საწვავის ფასების საკითხი გასცდა ეკონომისტთა თუ მომხმარებელთა უფლებების დამცველი ჯგუფების კამათის ფარგლებს და პოლიტიკური დისკუსიის თემადაც იქცა. ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იზორია, 18 მარტს საწვავის ფასის მორიგ 5 თეთრიან მატებას გამოეხმაურა. მისი აზრით, საწვავის ბიზნესი ხელში აქვთ ჩაგდებული ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც კარტელური შეთანხმებებით ფასებს ხელოვნურად განსაზღვრავენ.

ბექა კემულარია, ხელმძღვანელი ასოციაციისა ”სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის”, საწვავის დისტრიბუტორ კომპანიებს შორის უკანონო შეთანხმების შესახებ საუბრობს:

”კომპანიები ერთდროულად ზრდიან ფასებს და, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ სახეზეა კარტელური შეთანხმება, რადგანაც, ელემენტარულად რომ ვიმსჯელოთ, ვერ დაემთხვევა დროში ყველა კომპანიის საქონლის იმპორტი თუ მარაგების ამოწურვა, რომ, შესაბამისად, ყველამ ერთდროულად, ერთ დღეს გაზარდოს ფასი.”
წლის დასაწყისიდან დღემდე ფასმა მოიმატა 15 თეთრით დროის სხვადასხვა ინტერვალში და ეს იყო გამოწვეული მსოფლიო ფასების ცვლილებით...
ვანო მთვრალაშვილი

ბექა კემულარია და მის მიერ ორგანიზებული მოძრაობა ”პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ყურადღებას ამახვილებს საწვავის ღირებულების არაბუნებრივად მაღალ დონეზეც. კარტელური შეთანხმების შედეგად საწვავის ფასების ზრდის შესახებ ეჭვს გამოთქვამს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანიაც:

”მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ამას უკავშირდება, არის ის, თუ რატომ ზრდიან კომპანიები ერთდროულად და ერთი და იმავე თანხით ფასებს საწვავზე, ანუ რატომ აღმოაჩნდებათ მათ ერთი და იგივე პოლიტიკა ერთსა და იმავე დღეს, თუ ისინი რაღაც გარკვეულ ალიანსში არ იმყოფებიან, რასაც ეკონომიკურ ენაზე ოლიგოპოლია ჰქვია.”

ამ ეჭვების გაფანტვას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ცდილობს. მისი განცხადებით, საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან თუ აზერბაიჯანიდან შემოსული საწვავის ღირებულება ეგრეთ წოდებული საერთაშორისო პლატსით განისაზღვრება. შესაბამისად, მისი ცვლილება თითქმის ერთნაირად აისახება საქართველოს ბაზრის მოთამაშეთა ფასებზე. ვანო მთვრალაშვილი წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე ფასების მატების 20-პროცენტიან დინამიკაზე საუბრობს:

”როდესაც გვაქვს ჩვენ საერთაშორისო ფასების ასეთი დინამიკა, როგორ შეეძლო ჩვენს ბაზარს თავი დაეცვა ან რეაგირება არ მოეხდინა? წლის დასაწყისიდან დღემდე ფასმა მოიმატა 15 თეთრით დროის სხვადასხვა ინტერვალში და ეს იყო გამოწვეული მსოფლიო ფასების ცვლილებით.”

ფასების მატების მიზეზების განმარტების გარდა, ვანო მთვრალაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პასუხი გასცა საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს საწვავის ფასში ნავთობკომპანიების მოგების წილის შესახებ. მთვრალაშვილის განცხადებით, ერთ ლიტრ საწვავზე რეალიზატორი კომპანიების დანამატი დაახლოებით 30 თეთრს შეადგენს, რომელშიც შედის მოგების გადასახადი, საბანკო კრედიტის მომსახურება, ადმინისტრაციული ხარჯები და სხვ.
რატომ ღირს ბენზინი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში? საწვავი სომხეთში საქართველოს გავლით შედის და მისი ღირებულება უნდა იზრდებოდეს ტრანსპორტირების ხარჯის გამო...
ბექა კემულარია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოსაზრებებს არ ეთანხმება ბექა კემულარია, ხელმძღვანელი ასოციაციისა ”სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის”.

მისი განცხადებით, კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ და ბენზინის თუ დიზელის საწვავის ღირებულება გაცილებით მცირე უნდა იყოს. მისი აზრით, ყოველწლიური ზემოგება 20 მილიონ ლარს აჭარბებს. მისი აზრით, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ, მაგალითად, ბენზინი საცალო ქსელში საქართველოში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მეზობელ სომხეთში:

”რატომ ღირს ბენზინი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში? საწვავი სომხეთში საქართველოს გავლით შედის და მისი ღირებულება უნდა იზრდებოდეს ტრანსპორტირების ხარჯის გამო. ამასთან, სომხეთში არ შედის შედარებით იაფი აზერბაიჯანული საწვავი.”

თუმცა არის ბექა კემულარიას მოსაზრებისგან განსხვავებული პოზიციაც. ეკონომისტების ერთი ნაწილი თავისუფალი ბაზრის პრინციპებს იშველიებს, როდესაც ფასის დონეს პროდუქციაზე მოთხოვნის მატება განაპირობებს. საქართველოში კი საწვავზე მოთხოვნა ბოლო 2 წლის მანძილზე ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ბაზრის ამ თვისებაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანიაც, მაგრამ გარკვეულ ეჭვებს მაინც გამოთქვამს:

დავით ნარმანია


”ეს პრინციპი მოქმედებს უფრო მეტად სრულყოფილი კონკურენციის ბაზრებზე, თუმცა ჩვენთან, სადაც კონკურენცია გარკვეული თვალსაზრისით არის შეზღუდული, ეს პრინციპი გამართულად ვერ მუშაობს. თუმცა ის, რომ ჩვენთან საწვავზე მოთხოვნა არის, ეს ფაქტია.”

თუმცა საქართველოს ბაზარზე კონკურენციის არარსებობის ან შეზღუდული კონკურენციის დამადასტურებელი ფაქტები, გარდა კომპანიების მიერ ფასის ერთდროულად მატებისა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.