დაბნეული ამომრჩეველი

დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება. განმეორებით არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს, ოსი ამომრჩეველი კი ბევრ საკითხში ბოლომდე არ არის გარკვეული. მაგალითად, უცნობია ვინ დგას ამ კანდიდატების უკან და რა ფული დაიხარჯა მათ წინასაარჩევნო კამპანიაში. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კრემლი უპირატესობას სამხრეთ ოსეთის ელჩს რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევს ანიჭებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები მედოევის სასარგებლოდ მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველ დავით სანაკოევს ოსური არასამთავრობო სექტორი ეხმარება, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების ყოფილ ხელმძღვანელთან ლეონიდ თიბილოვთან კი ჯიოევას მომხრეების დიდი ნაწილი აღმოჩნდა. კომპარტიის ლიდერს სტანისლავ კოჩიევს ძირითადად პენსიონერების მხარდაჭერის იმედი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ კრემლთან ყველა კანდიდატურა უკვე შეთანხმებულია, არასასურველი პირები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არც გაატარა. არჩევნებამდე 3 დღით ადრე დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი მედვედევის წინაშე იქნება პასუხისმგებელი დე ფაქტო რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებზე. ანალიტიკოსების აზრით, კრემლმა ცხინვალში საბოლოოდ ყველას მიანიშნა, რომ მისი კონტროლის გარეშე აქ არაფერი მოხდება.

რაც შეეხება კანდიდატებს, ყველა ცდილობს, რომ კრემლთან სიახლოვე მაქსიმალურად დამალოს, რადგან ნოემბრის არჩევნებში ანატოლი ბიბილოვს ამ სიახლოვის დეკლარირება ძვირად დაუჯდა. ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევაც დუმილს ამჯობინებს და საკუთარ მომხრეებს არჩევანის თავისუფლებას აძლევს, თუმცა თვითონ 25 მარტის არჩევნებს უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს. ოპოზიციური სახალხო პარტიის ლიდერი როლანდ ქელეხსაევი ფიქრობს, რომ ამომრჩეველი დაბნეულია და ვერ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა, რადგან ბოლომდე გარკვეული არც ის არის კოკოითის კლანი რომელ კანდიდატზე მუშაობს.

ოსი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ამბობს, რომ ადგილობრივი საზოგადოება არ მალავს იმ ჩინოვნიკებით უკმაყოფილებას, ვინც რუსული ფინანსების დატაცებაშია ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, არც ერთ კანდიდატს ნათლად არ გამოუხატავს, რას ფიქრობს მოპარული ფულის თაობაზე და აპირებს თუ არა გამოძიების დაწყებას. აქედან გამომდინარე, ამომრჩევლების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი.

ანალიტიკოსების აზრით, 25 მარტის არჩევნების მიმართ ნდობის ხარისხი ისედაც დაბალი იყო, მაგრამ კანდიდატების გაუმჭვირვალე დაფინანსებამ და მათ მიმართ გავლენის ფარული ჯგუფების არსებობამ უნდობლობა უფრო მეტად გაზარდა. ბოლო ინფორმაციით, გარკვეული ოპოზიციური ჯგუფი - ეს ალა ჯიოევას მომხრეების მცირე ნაწილია - ისევ არჩევნების ბოიკოტირების იდეით გამოდის. ადგილობრივი ხელისუფლება კი შეშფოთებულია და ამომრჩეველთა რაოდენობას მაქსიმალურად დაბლა სწევს. როლანდ ქელეხსაევის ინფორმაციით, ნოემბრის არჩევნებზე 50 ათასზე მეტი ბიულეტენი იყო დაბეჭდილი, ახლა კი მხოლოდ 40 ათასი დაბეჭდეს.

ბოლომდე დაუზუსტებელია საარჩევნო სიები და ადგილობრივი კომისია ყოველთვის სხვადასხვა რაოდენობას აქვეყნებს. ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება და მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.