თინა ხიდაშელი: აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხი განიხილეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 21 მარტს საქართველოს საკითხიც განიხილეს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც ჟურნალისტებს სხდომის ამსახველი ვიდეომასალაც წარუდგინა. თინა ხიდაშელის თქმით, სხდომას ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი რიჩარდ ნორლანდი, რომლისგანაც სენატორი კარდინი დაინტერესდა, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს, რათა საქართველომ განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ. ხიდაშელის განცხადებით, თავად სენატორმა კარდინმა აღნიშნა, რომ ამასწინანდელი შეხვედრისას პრეზიდენტ სააკაშვილს ჰკითხა, რატომ არ ეძლევათ საქართველოში ოპოზიციის კვალიფიციურ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ერთადერთი ასეთი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია. რაც შეეხება ნორლანდის პასუხს, ხიდაშელის თქმით, მან ისაუბრა ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე, კონტროლის პალატის როლსა და პარტიათა დაფინანსების კანონზე, რაც შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც და განაცხადა, რომ განაგრძობს მონიტორინგს, თუ რამდენად იცავს საქართველო აშშ-ისთვის ღირებულ პრინციპებს. თინა ხიდაშელის შეფასებით, სენატის საკომიტეტო მოსმენიდან კარგად ჩანს, რომ აშშ საქართველოს დახმარების და მხარდაჭერის პროგრამებს სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში განიხილავს.