განათლების მულტიმედიის ცენტრი - უახლესი სიტყვა ქართულ მედიაში

„განათლების მულტიმედიის ცენტრი“, რომელიც თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის 10 ა-ში, ორი დღის წინ გაიხსნა, პროფესიული ჟურნალისტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის შეიქმნა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო დაწესებულება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის G-MEDIA-ს ფარგლებში გაიხსნა. პროგრამას ”საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭო” (IREX) ახორციელებს. ჟურნალისტიკის სფეროში პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლაში კი სტუდენტებს ცენტრში არსებული ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება დაეხმარება.

ზუსტად 12 თვე დასჭირდა იმ ცენტრის გახსნას, რომელსაც „განათლების მულტიმედია ცენტრი“ დაერქვა. SMART მედიალაბორატორია, საკლასო ოთახები, სადისკუსიო სივრცე, კაფე - ეს იმ სივრცის ნაწილებია, რომელსაც ცენტრი აერთიანებს და სადაც ყველაფერია იმისათვის, რომ ჟურნალისტიკის სწავლებისა და ახალი ამბების მოპოვებისადმი სწრაფად ცვალებადი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. სწორედ ასე აღწერს ცენტრის შექმნის მთავარ არსს „აირექსის“ მედიაგანვითარების განყოფილების დირექტორი ლინდა ტრეილი:

ჩვენ ვხსნით ამ მედიაცენტრს იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ...
სტივენ ჰეიკინი
”ეს ცენტრი საშუალებას მისცემს მასწავლებლებს თავიანთ სტუდენტებს გაუზიარონ პრაქტიკული გამოცდილება, რათა ისინი მზად იყვნენ ყველა იმ ცვლილებისა და გამოწვევისათვის, რასაც ჟურნალისტური განათლება, ტექნოლოგიური ევოლუცია და ინფორმაციის მოპოვება მოითხოვს. ეს ცენტრი საშუალებას მისცემს ჟურნალისტიკის სტუდენტებს რევოლუცია მოახდინონ ქართულ მედიასექტორში და მხარი დაუჭირონ ახალი ამბების, ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ გაცვლას.”

”მართლა შთამბეჭდავია ის, რაც მე დღეს ვნახე”, - ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება „განათლების მულტიმედია ცენტრის“ გახსნის ცერემონიალზე საქართველოში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა. ამ სივრცეში არსებული უახლესი ტექნიკა და აღჭურვილობა, თითოეული საათი გამოყენებული იქნება მომავალი ჟურნალისტების პროფესიული განვითარებისათვის, ამბობს ის:

”ჩვენ ვხსნით ამ მედიაცენტრს იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ მედიას გააძლიეროს როგორც საკუთარი დამოუკიდებლობა, ასევე ხარისხი. ამისათვის კი აუცილებელია განათლების ხარისხის ამაღლება, რაშიც, დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი მნიშვნელოვან დახმარებას გასწევს.”

სტივენ ჰეიკინი

მოდით, ახლა დავათვალიეროთ ის სივრცე, სადაც სტუდენტები ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან და ამ ყველაფერში მათ ცენტრის უნიკალური სტრუქტურა დაეხმარება:

ე.წ. SMART ლაბორატორია ის სივრცეა, რომელიც იცვლის პროპორციას - საჭიროებისამებრ იკუმშება და ფართოვდება. ის იძლევა საშუალებას, რომ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, მაგალითად, სულ რამდენიმე წუთში საკლასო ოთახებიდან სტუდიურ გარემოში გადაინაცვლონ. შეიძლება ითქვას, რომ აქ თითოეული კვადრატული მეტრი დამოუკიდებელი სტუდიაა, სადაც შესაძლებელია როგორც ინტერვიუს ჩაწერა, ასევე მონტაჟი თუ სხვა საჭირო ფუნქციების გამოყენება. ცენტრის განსაკუთრებული და უნიკალური მახასიათებელი კი ის არის, რომ აღჭურვილობა, ფერადი ავეჯი და ლურჯი კედლებიც კი ადვილად გადაადგილდება, რაც სივრცის განაწილებისა და დიზაინის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. სტუდენტებისათვის განკუთვნილი 50 სამუშაო ადგილი, ვიდეოკამერები, მიკროფონები აუდიოჩამწერები, IPad - ები და სხვა მობილური მოწყობილობები სტუდენტებს საშუალებას მისცემს თანამედროვე მედიაში არსებულ უახლეს მიღწევებს გაეცნონ.

ცენტრის ძირითადი ბენეფიციარები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - ჯიპას - ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ახლად დაფუძნებული სკოლაა. ცენტრი სწორედ ამ სკოლების სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჟურნალისტის პროფესიას მრავალპლათფორმულ გარემოში დაეუფლონ.

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელიც, უკანასკნელი წლების მანძილზე ახალი ტექნოლოგიური გამოწვევების შედეგად, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის ...
სტივენ კორნი
”ჩვენთვის, როგორც ინსტიტუტისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა და ცდილობს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას მოუმზადოს წარმატებული და პროფესიული რესურსი, ამ ცენტრის მნიშვნელობა განსაკუთრებულია”, ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი: ”ჩვენი მთავარი ღირებულებები, რომელიც ჩვენს ინსტიტუტს აქვს, - თავისუფლება და ძიებისკენ, ახალი ტექნოლოგიებისკენ აღებული ორიენტაცია, - სწორედ ამ ახალ ცენტრშია თავმოყრილი.”

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ცენტრში არსებულ შესაძლებლობებს ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის გამოიყენებს, ხოლო რაც შეეხება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სკოლას, ის ჟურნალისტური უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების შესწავლის მსურველებს სთავაზობს ერთწლიან სასერტიფიკაციო პროგრამას. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის კი შეიქმნა სპეციალური ორთვიანი სტაჟირების კურსი. „განათლების მულტიმედიის ცენტრის“ გახსნის ცერემონიალს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი სტივენ კორნი დაესწრო. მედიაში დანერგილი ახალი ტექნოლოგიები და მათი ათვისების როგორც აუცილებლობა, ისე შესაძლებლობა, ეს არის მთავარი გამოწვევები, რომელიც დღეს თანამედროვე მედიაში არებობს, ამბობს სტივენ კორნი:

სტივენ კორნი

”ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელიც, უკანასკნელი წლების მანძილზე ახალი ტექნოლოგიური გამოწვევების შედეგად, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. სწორედ ამიტომ აუცილებელია ჟურნალისტების გაწვრთნა და მათთვის საუკეთესო განათლების მიცემა. ჩვენ, რადიო თავისუალი ევროპა/რადიო თავისუფლება, ამ ცენტრს თავისუფალი მედიის ქვაკუთხედად მივიჩნევთ.”

როგორი იქნება იმ სტუდენტების პერსპექტივა, რომლებიც „განათლების მულტიმედიის ცენტრში“ მიღებული ცოდნის გამოყენებას უკვე პროფესიულ საქმიანობაში შეეცდებიან? არიან თუ არა მზად ქართული მედიასაშუალებები უმაღლესი ტექნოლოგიებით გაწვრთნილი ჟურნალისტების მისაღებად? ამ კითხვებით ჩვენ ლია ჩახუნაშვილს მივმართეთ. ის ”საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭოს” G-MEDIA პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილეა.

”იმ პერიოდისთვის, როცა სტუდენტები ამ ცენტრში სწავლას დაამთავრებენ, ბევრ მედიასაშუალებაში - მათ შორის, რეგიონებშიც - დახვდებათ იმავე ტიპის ხედვები და მიდგომები. შესაძლოა, ეს მედიასაშუალებები ისეთი რაოდენობით და მოცულობით ახალ ტექნიკას არ ფლობდნენ, მაგრამ ეს ტექნიკა მათ გარკვეული რაოდენობით ექნებათ და ასევე ექნებათ იმის ხედვა და ცოდნა, თუ რატომ არის საჭირო ასეთი ტიპის აღჭურვილობა. ჩვენ, ერთი მხრივ, ვცდილობთ, რომ შევცვალოთ სამუშაო გარემო, სადაც ჟურნალისტები მივლენ და, მეორე მხრივ, თავიდანვე სწორი უნარ-ჩვევები და ხედვები ჩავუნერგოთ ახალგაზრდებს. ეს ორივე ფაქტორი, ერთად აღებული, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს”, - მიაჩნია ლია ჩახუნაშვილს.

ბოლოს უნდა დავამატოთ ისიც, რომ ცენტრი იქნება ადგილი, რომელიც აქტიურად უმასპინძლებს დისკუსიებს, ღია ლექციებს, კონკურსებს, ტრენინგებსა და მედიაბანაკებს და სადაც საქართველოში არსებული ჟურნალისტიკის ყველა სკოლის სტუდენტს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს.