შავი პიარი ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში

დაახლოებით ერთი კვირის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და ერთმანეთის მიმართ შავი პიარის გამოუყენებლობის შესახებ, მაგრამ ეს შეთანხმება მალე დაირღვა. მართალია, თვითონ კანდიდატები კონკრეტული შეხვედრების დროს კომპრომატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ, მაგრამ მათი მხარდამჭერები მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციას არ ერიდებიან. ამ საქმეში პირველი ნაბიჯი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის მიერ კონტროლირებულმა ინტერნეტგამოცემა „ერსეონიუსმა“ გადადგა. საიტზე გამოქვეყნებულია 2 კანდიდატის მაკომპრომეტირებელი მასალა. სახალხო დამცველი დავით სანაკოევი ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითისა და გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის მემკვიდრედ არის გამოცხადებული, უშიშროების ყოფილ ხელმძღვანელს ლეონიდ თიბილოვს კი 2000 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არსებულ დოკუმენტზე ხელმოწერაში ადანაშაულებენ. ოსური მედიაცენტრის „ირ“-ის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბოლომდე სამართლიანი არჩევნები არ არსებობს და უსამართლო ბრძოლის ელემენტები ყველგანაა.

გამოცემა „ერსეონიუსი“ ოს მკითხველს მას შემდეგ დაამახსოვრდა, რაც რამდენიმე წლის წინ ბროვცევსა და კოკოითის შორის ფარული ბრძოლა დაიწყო. მაშინ ინტერნეტგამოცემა კოკოითის გარემოცვის მაკომპრომეტირებელ მასალებსა და კარიკატურებს აქვეყნებდა, ბროვცევს კი წარმატებულ პოლიტიკოსად მოიხსენიებდა. ამიტომ მაშინვა გაჩნდა ეჭვი ამ ინტერნეტრესურსის ობიექტურობის შესახებ. ბროვცევის პიარტექნოლოგები სხვა გამოცემებსაც თავს დაესხნენ და სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. რუსი პიარტექნოლოგების აზრით, დავით სანაკოევის რეიტინგი ხელოვნურად არის გაზრდილი. ირინა გაგლოევას აზრით, მოწვეულმა სპეციალისტებმა ადგილობრივი ვითარება ცუდად იციან, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი კი, რომელსაც ხელისუფლებაც გულშემატკივრობს, ამომრჩევლებში პროტესტს უფრო იწვევს.

უკვე ცხადია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩის დიმიტრი მედოევის სასარგებლოდ მუშაობს, ხელისუფლების პიარტექნოლოგები კი მისი კონკურენტების კრიტიკით არიან დაკავებულნი.