პროფკავშირები შრომის კოდექსის შეცვლის პროცესში ჩართვას ითხოვენ

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ შრომის კოდექსის უახლოეს მომავალში შეცვლის ვალდებულება აიღო, თუმცა ამის შესახებ სოციალურ პარტნიორებს არ აცნობა. პროფკავშირების ლიდერის თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრებმა შრომის კოდექსის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანის პირობა ამერიკის შეერთებულ შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში სავაჭრო პრეფერენციების სისტემა GSP-სთან დაკავშირებით გამართულ საჯარო მოსმენაზე მიმდინარე წლის 24 იანვარს დადეს. ირაკლი პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ პროფკავშირების მრავალწლიანი ძალისხმევა ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა და შრომის კოდექსის შეცვლა გარდაუვალია.

”მე მინდა აბსოლუტურად სიხარულით ვაუწყო საქართველოს მოსახლეობას, რომ მათმა და ჩვენმა ძალისხმევამ, საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღო და გამოიღო იმგვარად, რომ პირდაპირი პირობები გაიცა საკმაოდ უხვად, დასაქმებულებისთვის დამაიმედებელი პირობები, რა ცვლილებებიც შევა შრომის კოდექსში, და ეს ცვლილებები უახლოეს პერიოდში შევა“, ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც, მეორე მხრივ, საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პროფკავშირებს მთავრობასთან პარტნიორობისა და შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტზე მუშაობის პროცესში ჩართვის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა.
თითოეული შეხვედრა იყო იმისთვისაც, რომ მაქსიმალურად ხაზგასმა მომხდარიყო, რაოდენ მხარდაჭერილია ეს მოძრაობა დასავლეთის მხრიდან ...
ირაკლი პეტრიაშვილი

ირაკლი პეტრიაშვილი უკმაყოფილოა იმითაც, რომ შრომის კოდექსის შესწორების შესახებ აღებული ვალდებულების თაობაზე მას საქართველოს მთავრობიდან არ შეატყობინეს. ინფორმაცია მისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ირაკლი პეტრიაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში გამართული საჯარო მოსმენიდან ერთი თვის შემდეგ, 24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით შედგა:

”ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ამერიკის კონგრესში, ამერიკის სენატში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო დეპარტამენტში. თითოეული შეხვედრა იყო იმისთვისაც, რომ მაქსიმალურად ხაზგასმა მომხდარიყო, რაოდენ მხარდაჭერილია ეს მოძრაობა დასავლეთის მხრიდან.”

შექმნილია სამმხრივი კომისია, პროფკავშირების, დამსაქმებლებისა და მთავრობის მონაწილეობით ...
ოთარ თოიძე
ირაკლი პეტრიაშვილი გულისხმობს საქართველოში სამართლიანი შრომითი ურთიერთობების დარეგულირების პროცესს, რომელშიც პროფკავშირები საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობენ. მას შემდეგ, რაც კოდექსის დისკრიმინაციული მუხლების შეცვლის მიზნით პროფკავშირების მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა არც კი განიხილა, 2010 წლის სექტემბერში ამერიკის პროფკავშირებმა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. პროფკავშირები საქართველოს მთავრობას შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის პირობების შეუსრულებლობას ედავებოდნენ. საჩივრის განხილვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2012 წლის 24 იანვარს გაიმართა. ამ მოსმენაზე საქართველოს მთავრობამ განაცხადა მზადყოფნა, კოდექსი შრომის ძირითად სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მათ შორის, იკისრა ვალდებულება დაწესდეს ეფექტური და ადეკვატური სანქციები პროფკავშირების საქმიანობაში ჩარევის მიმართ, გაუქმდეს გაფიცვის 90-დღიანი ვადა, ზუსტად განისაზღვროს დამსაქმებლის უფლება და სხვ. საქართველოს მთავრობის დელეგაციაში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძეც.

”არის გარკვეული ნაბიჯები დასახული და ეს ყველაფერი იქნა ამერიკული მხარისათვის წარდგენილი. ეს არის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვინმეს მოთხოვნის გამო კი არ ვაკეთებთ. ეს იყო ნაბიჯები, რომლებიც ისედაც დაგეგმილი იყო და ახლა, უბრალოდ, ამერიკულ მხარეს გავაცანით ის გეგმები, რაც გვაქვს. ეს შეგიძლიათ ყველაფერი ვებგვერდზე ნახოთ. ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობისა და ამერიკული პროფკავშირების ვებგვერდზე ეს ყველაფერი დევს, ღია მასალა, ყველა მასალა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ”,
შენიშნავს სერგი კაპანაძე პროფკავშირების იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ შრომის კოდექსის შესწორების ვალდებულების აღების შესახებ საქმის კურსში არ ჩააყენა სოციალური პარტნიორები, პროფკავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის სახით.

თავის მხრივ, საქართველოს პროფკავშირები შრომის კოდექსის შესწორებათა პროექტის მომზადების პროცესში ჩართვას ითხოვს. პროექტი ჯერჯერობით პარლამენტში ინიცირებული არ არის. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ამბობს:

”შექმნილია სამმხრივი კომისია, პროფკავშირების, დამსაქმებლებისა და მთავრობის მონაწილეობით. ჯანდაცვის სამინისტრო იღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას და როგორც კი კომისია ჩათვლის, რომ პარლამენტში რამე საკანონმდებლო ცვლილებაა მისაღები, პარლამენტი მაშინვე ჩაერთვება ამ პროცესში.”