შედგება თუ არა მარტის არჩევნების ბოიკოტი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე ორი კვირა რჩება, ოპოზიციის მომხრეები კი ამ არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან. დღე-დღეზე ისინი საავადმყოფოში მყოფი ლიდერის, ალა ჯიოევას, სპეციალურ განცხადებას ელოდებიან. ამასობაში არჩევნებში მონაწილე სამი კანდიდატი სამართლიანი თამაშის წესებზე შეთანხმდა. გარდა ამისა, ისინი ალა ჯიოევას გულის მოგებასაც ცდილობენ და მას ქალთა საერთაშორისო დღე საავადმყოფოში მიულოცეს. ოპოზიციის მომხრეები და ექსპერტები არჩევნების ჩაშლას არ გამორიცხავენ - თუ 25 მარტს საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 50 პროცენტზე ნაკლები მივა, მაშინ არჩევნები შემდგარად ვერ ჩაითვლება. ოპოზიციის გამოთვლით, ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსისა და ძალოვან უწყებათა წარმომადგენლების მიყვანა არჩევნებზე არ უშველის, რადგან ეს რაოდენობა 10 ათასი ადამიანის ფარგლებში მერყეობს. იმისათვის, რომ არჩევნები შედგეს, მასში დაახლოებით 17 ათასმა კაცმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებს სამოქალაქო ვალი მოიხადოს, თუმცა რთულია იმის პროგნოზირება, რას მოიმოქმედებენ ამომრჩევლები, რომლებმაც საკუთარი ნება ერთხელ უკვე გამოხატეს და პრეზიდენტად ალა ჯიოევა აირჩიეს. რუსი ექსპერტი ალექსეი მუხინი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების ჩაშლით კრემლი არაფერს დაკარგავს, რადგან მას სამხრეთ ოსეთში ნდობა ისედაც დაკარგული აქვს.

მეორე რუსი ექსპერტი კი, ალექსეი ვაშჩენკო, მიიჩნევს, რომ თუ ოსები ბოიკოტს შეძლებენ, მაშინ კრემლს სამხრეთ ოსეთში საკუთარი პილიტიკის გადახედვა მოუწევს და აღდგენით სამუშაოებს დააჩქარებს.

ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ბენდიანიშვილი, არჩევნების ჩაშლას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს - მისი აზრით, ახლა კრემლის ინტერესში ყველაზე მეტად ამ არჩევნების მშვიდად ჩატარება შედის, მის ჩაშლას კი ფალსიფიკაციის მეთოდებით არ დაუშვებს.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატები მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც მოუწოდებენ მარტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ახლა ცხინვალში ბევრი ადამიანი ალა ჯიოევას განცხადების მოლოდინშია. როგორც ჩვენი რადიოსთვის გახდა ცნობილი, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთი - შედარებით რადიკალური - ოპოზიციური ჯგუფი ბოიკოტის მოწოდებებით გამოსვლას აპირებდა, მაგრამ ჯიოევამ მათ მოუწოდა ეს არ გაეკეთებინათ. ამის მიუხედავად, ცხინვალში აქტივობა მაინც დაბალი იყო. ექსპერტების აზრით, ოპოზიციის ლიდერს ჯერ კიდევ შეუძლია პოლიტიკურ პროცესზე გავლენა იქონიოს. მას ამჟამად ორი არჩევანი აქვს: რადიკალური გზით წავიდეს და მოსახლეობას ბოიკოტისკენ მოუწოდოს ან ერთ-ერთ კანდიდატთან შეთანხმდეს, პროცესები განმუხტოს და მომავალ მთავრობაში ადგილიც დაიკავოს, თუმცა ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის იგი კიდევ ერთხელ მოატყუონ.