სიყვარულის გამოხატვას განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება

ქუთაისი

რამდენიმედღიანი უამინდობის მიუხედავად, ქუთაისში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ჩვეული მოკრძალებით იმართება: იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის მერიის ორგანიზებით, მრავალშვილიანმა და აგვისტოს ომში დაღუპულთა დედებმა ფასიანი საჩუქრები მიიღეს; საოპერო ხელოვნების მოყვარულთათვის დინი ვირსალაძემ ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში კონცერტი გამართა; კვირეულის ფარგლებში, TBC ბანკის საგამოფენო სივრცე ყოველდღიურად თვითნასწავლ და პროფესიონალ მხატვარ ქალებს მასპინძლობს. საქველმოქმედო აქციებისა და კულტურული ღონისძიებების პარალელურად, ჩვეულებისამებრ, სწორედ ამ დღეებში საუბრობენ ყველაზე ხშირად ქალთა უფლებებზე და მათ როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში. მანდილოსანთა ნაწილი ფიქრობს, რომ მათ მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვას განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება და რომ ეს ყოველდღიური პროცესია. ასეთ რესპონდენტთა შორისაა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოფიზიკოსი ნანა ჯულაყიძე.

ნანა ჯულაყიძე საკუთარ თავს ოპტიმისტს უწოდებს და აცხადებს, რომ, გაწეული შრომისა და ანაზღაურების შეუსაბამობის მიუხედავად, პროფესია საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს და წლების მანძილზე გაღებული ცოდნის სანაცვლოდ სტუდენტებისაგან გამჟღავნებულ სიყვარულს ოპტიმალურ ანაზღაურებად მიიჩნევს.