ვანო მერაბიშვილი: ხაშურის პოლიციის შენობაში უბედური შემთხვევა მოხდა

საქართველოს შს-თა მინისტრი დღეს გამოეხმაურა ხაშურის პოლიციის შენობაში ერთი კვირის წინ მომხდარ ფაქტს. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 27 თებერვალს ქურდობის საქმის გამო პოლიციაში მიყვანილი სოლომონ ქიმერიძე მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდა და სასიკვდილო ტრავმები მიიღო. მომხდარს ვანო მერაბიშვილმა დღეს ”ცუდი ფაქტი” უწოდა. მინისტრის განცხადებით, წინასწარი მოკვლევის თანახმად, ხაშურის პოლიციის შენობაში უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა, ფაქტი აღმაშფოთებელია. მერაბიშვილის თქმით, ”საქართველოს პოლიცია მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს ქუჩაში, სოფლებში, ქალაქებში და მით უმეტეს, უნდა დაიცვას პოლიციის სენობებში.” მინისტრის განცხადებით, უახლოეს დღეებში გასცემს ბრძანებულებას, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციის შენობებში ნებისმიერი სტატუსით მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას და პროცედურების მეტ გამჭვირვალობას. მერაბიშვილის განმარტებით, ახალი ნორმების შესრულებისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების პასუხისმგებლები იქნებიან პოლიციის ხელმძღვანელები, შენობებში კი დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობით გენერალური ინსპექცია მონიტორინგს გაუწევს ახალი წესების დაცვას.