ყირგიზეთში, კვირას ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური ძალები იმარჯვებენ. კენჭისყრა რამდენიმე ქალაქსა და საოლქო ცენტრში ტარდებოდა. ოშში, რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქში, ოპოზიციურმა პარტია ”სახალხო ერთობამ” ამომრჩევენთა ხმების 47 პროცენტი დააგროვა. ქვეყნის მასშტაბით სოციალ დემოკრატებმა, რომელთა ლიდერიც პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევია და პარტია ”რესპუბლიკამ”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ომურბეკ ბაბანოვი ხელმძღვანელობს, ხმების 24 და 17 პროცენტი დააგროვეს. ეს არჩევნების წინასწარი შედეგებია. ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დამკვირვებლების აზრით, მმართველი პარტიის დამარცხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათ მიმართ ნდობის დაკარგვაზე მეტყველებს.