დღეს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი დაცვის თანამშრომელი თენგიზ პანდარია, რომელიც მძიმედ დაიჭრა ალექსანდრ ანქვაბის კორტეჟზე 22 თებერვალს მომხდარი თავდასხმის შედეგად. სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, ექიმებმა პანდარიას გადარჩენა ვერ შეძლეს თავის ტვინის უმძიმესი ტრავმის გამო. თავდასხმის დღეს დაიღუპა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი პირადი მცველი რემზიკ ცუგბა. ანქვაბზე თავდასხმის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ ვრცელდება, რასაც დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა საქმის კონფიდენციალობით ხსნის.