”მაესტრომ” საქალაქო სასამართლოს მიმართა

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებული "რუსთავის მედიის მართვის კომპანიისგან" ზარალის ასანაზღაურებლად 2 მილიონ 200 ათას დოლარს მოითხოვენ. შესაბამისი სარჩელით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ”მაესტროს” ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. მისი განცხადებით, აუდიტორულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპანიამ ”მაესტრო” სწორედ ამ მოცულობის თანხით დააზარალა. კერძოდ, გაბუნიას თქმით, ტელეკომპანიის შენობიდან გატანილი და დაზიანებულია ძვირად ღირებული ტექნიკა. დღეს სასამართლოს წარედგინა კიდევ ერთი სარჩელი, რომელშიც ”მაესტრო” უმოქმედობაში ადანაშაულებს საქართველოს შსს-ს. ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ უარი თქვა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "მაესტროს" ოფისიდან გამოესახლებინა "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში სრულიად უკანონოდ იმყოფებოდნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტების საქმიანობას.