არსებობენ თუ არა პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული დევნილები

„დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია“ განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანთან შეხვედრას ითხოვს. მიზეზი იმ მცირერიცხოვანი აქციისა, რომელიც 23 თებერვალს თბილისში გაიმართა, ორგანიზატორების თქმით, სამინისტროს მიერ დევნილების ე.წ. პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ დევნილებად დაყოფაა. რა ბრალდებებს უყენებენ კოალიციის წევრები დევნილთა სამინისტროს და როგორ პასუხობს მათ სამინისტრო?

”დაგველაპარაკოს სუბელიანი ან წავიდეს” - ეს არის მესიჯი, რომელიც 23 თებერვალს ტაშკენტის ქუჩის შვიდ ნომერში მდებარე ყოფილი ”თელეთის ნავთობის კომპანიის” შენობასთან შეკრებილმა თხუთმეტამდე დევნილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუგზავნა. 30-მდე ოჯახი მიტოვებულ შენობაში 2008 წელს თვითნებურად შესახლდა. როგორც დევნილები ჰყვებიან, დაკავებული ფართები საკუთარი სახსრებით გაარემონტეს, თუმცა გასული წლის იანვარში, როდესაც სამინისტრომ ე.წ. დიდი განსახლების პროცესი დაიწყო, ისინი შენობიდან გამოასახლეს და, მათივე სიტყვებით, გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვეს. სოხუმიდან დევნილი ომის ვეტერანი ნოდარ ჩხეტიანი, რომელიც ამჟამად დმანისში ცხოვრობს, 2011 წლის იანვრის ღამეს, როდესაც ის, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები შენობიდან გამოასახლეს, ასე იხსენებს:

”როგორც ტერორისტებს, ისე დაგვადგა პოლიცია თავზე... ქალი, ბავშვი და კაცი - ყველა გამოგვყარეს, სატვირთო მანქანებზე შეგვიყარეს ნივთები და დაგვტოვეს ასე: ერთი-ორი დღე გვაცალეთო და მერე გადაგანაწილებთო. მას მერე ერთი წელი გავიდა და მეორე წელი დაიწყო, მაგრამ ზოგი სად ვართ და სად ვიხდით ბინის ქირას და ზოგი - სად.”
ვიცით, რომ აქ უნდა შეასახლონ სამინისტროს თანამშრომელი დევნილები ...
ლელა გულედანი

დევნილთა გამოსახლების შემდეგ ყოფილი ”თელეთის ნავთობის კომპანიის” სამსართულიან შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. როგორც დევნილთა მცირერიცხოვანი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის“ ხელმძღვანელი ლელა გულედანი ირწმუნება, ის სანდო წყაროსგან ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შენობა სწორედ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაარემონტა და უახლოეს მომავალში იქ ე.წ. პრივილეგირებულ დევნილებს შეასახლებენ, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სამინისტროს ცხელი ხაზი უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შენობა, საიდანაც გასული წლის იანვარში დევნილები გამოასახლეს, სამინისტროს ბალანსზეა:

”ვიცით, რომ აქ უნდა შეასახლონ სამინისტროს თანამშრომელი დევნილები. ამ ინფორმაციას თვითონ სამინისტროს თანამშრომლებისგან ვფლობთ. უბრალოდ, ამას ხმამაღლა ვერ იტყვიან. დევნილთა სამინისტროს ცხელ ხაზზე რომ ვრეკავ, გვეუბნებიან, რომ ეს შენობა დევნილთა სამინისტროს ბალანსზე არ იმყოფება და რემონტი მათი დაკვეთით არ კეთდება. თუმცა აქ გავესაუბრე დაცვის წარმომადგენელს და მითხრა, რომ შენობაში დევნილების შესახლება იგეგმება. სიტუაციას სამინისტროს ხალხი აკონტროლებს და გვეუბნებიან, სამინისტროს მოწმობის გარეშე არავინ შემოუშვათო.”

„დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია“ აცხადებს, რომ ფოცხო-ეწერი, ლესიჭინე, თორსა-დღვაბა და სხვა სოფლები, სადაც სამინისტრო გამოსახლებულ დევნილებს ჩასახლებას სთავაზობდა, არანაირ საცხოვრებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. სწორედ ამიტომ კოალიცია მიმართავს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გახადოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ის კრიტერიუმები, რომლებითაც სამინისტრო დევნილთა განსახლების ე.წ. წესებს ადგენს. ისინი, პირველ რიგში, მინისტრ კობა სუბელიანთან და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელ კობა გორგოძესთან შეხვედრას მოითხოვენ და თხოულობენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ყოფს სამინისტრო დევნილებს პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ ჯგუფებად.
დევნილთა სამინისტრო მუშაობს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე და ამაზე მეტყველებს ციფრები: 27 ათასი დევნილი ოჯახი არის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული ...
ლიკა ბასლანძე

”სამინისტროში გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ კობა სუბელიანი და კობა გორგოძე. ჩვენ ამ ორ ადამიანთან ვითხოვთ შეხვედრას”, - ამბობს ლელა გულედანი.

”სამინისტროსათვის მიუღებელია დევნილებისათვის პრივილეგირებულის ან არაპრივილეგირებულის სტატუსის მინიჭება”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლიკა ბასლანძე, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ხოლო რაც შეეხება განსახლების საკითხს, მისი თქმით, პროცესი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს:

”დევნილთა სამინისტრო მუშაობს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე და ამაზე მეტყველებს ციფრები: 27 ათასი დევნილი ოჯახი არის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული და პროცესი კვლავაც მიმდინარეობს. რაც შეეხება გამჭვირვალობის საკითხს, განსახლება მიმდინარეობს სტანდარტების სრული დაცვით და ამ პროცესს აკვირდება როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები”, - ამბობს ლიკა ბასლანძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ლოზუნქი

რაც შეეხება დიალოგის არარსებობას დევნილებსა და სამინისტროს შორის, ლიკა ბასლანძე შენიშნავს, რომ სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი და ასევე შექმნილია დევნილთა მისაღები ცენტრი, სადაც დევნილებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა, საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია მათთვის ნებისმიერ საინტერესო საკითხზე. რაც შეეხება აქციის მონაწილეთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ სამინისტროში გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი - კობა სუბელიანი და კობა გორგოძე - იღებს, ლიკა ბასლანძე ასე გვპასუხობს:

”თუკი დევნილებს სამინისტროდან ვინმე პასუხს აძლევს, ყველა ერთი და იგივე პასუხს იძლევა, სისტემა არის ერთი და გადაწყვეტილება არის ერთი”, - ირწმუნება ლიკა ბასლანძე.

მიუხედავად განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებისა, რომ დევნილთა განსახლების პროცესი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს გასულ წელს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული კრიტიკა სწორედ დევნილთა განსახლების პროცესზე. მაგალითად, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ -ის ანგარიშშია აღნიშნული, დევნილთა იძულებითი გამოსახლების პროცესმა, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, დაარღვია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. „Human Rights Watch“-ის წარმომადგენლები კი საუბრობენ იმის შესახებ, რომ გამოსახლების პროცესი მთელი რიგი დარღვევებით განხორციელდა. ამასვე მიუთითებდა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თავის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც ის წერდა, რომ გამოსახლების პროცესში ადგილი ჰქონდა დევნილთა მიმართ არასათანადო მოპყრობას. მისივე თქმით, გადასახლებულ დევნილებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები.