„ნირვანა“ 80 თეთრად

კურტ კობეინი, 1992 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე

უმანქანოდ რომ ძნელია ცხოვრება ალბათ დამეთანხმებით. თუმცა მინუსებთან ერთად დადებითი მხარეებიც აქვს, რიგ შემთხვევებში - სასარგებლოც. ერთ-ერთი მათგანის წყალობით კი დღევანდელი სიუჟეტიც გამოვიდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ვგულისხმობ - იმ საჯარო სივრცეს, სადაც თბილისელები საჭირბოროტო საკითხებზე კამათობენ, საინფორმაციო გამოშვებებს მთავაზობენ და ნანატრ ტოკშოუბსაც მიწყობენ ხოლმე. როგორც წესი, თემები პოლიტიკურ-სოციალურია, აი, კულტურის სფერო კი, თუ დაკვირვებიხართ - მიუხედავი. არც კინო ახსენდება ვინმეს და არც მხატვრობა, ლიტერატურულ სიახლეებზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა ამ რამდენიმე თვის წინ საოცრად გამიმართლა და 80 თეთრად რუბრიკა „მუსიკა, მუსიკა“ მოვისმინე.

სამარშრუტო ტაქსით სამსახურში მივდიოდი, როცა ერთ-ერთ გაჩერებაზე ახლაგაზრდა წყვილი ამოვიდა და ჩემს გვერდით სიცილ-კისკისით მოკალათდა. იქნებოდნენ ასე 14-15 წლისანი. გოგონას სახასიათო შტრიხებიდან მხოლოდ იმას გამოვყოფდი, რომ სასიამოვნო გარეგნობის გახლდათ, თუმცა არა იმ დოზით, მთელი სკოლის ბიჭებს რომ უყვარდებათ ხოლმე. ყმაწვილი კაცის მონოლოგის მიხედვით, დიდი ხნის ნაცნობობა არ უნდა ჰქონოდათ. აშკარა იყო, თანამგზავრი მოსწონდა, რადგან ასაკისთვის უჩვეულო, ხელოვნურად დაყენებული ბოხი ხმით ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას. ათას სისულელეზე ხმამაღლა და ეგზალტირებული საუბრობდა. მოკლედ, მაგრად დამღალა და როცა პირად ფიქრებში დამალვა დავაპირე, მაგიური სიტყვები ჩამესმა: „რა მუსიკას უსმენ?“

მოგეხსენებათ, ჩვენში ამ კითხვაზე პასუხის ყველაზე გავრცელებული ვერსია ასე ჟღერს: „რაც მსიამოვნებს, იმას!“. უაზრო პასუხია, კითხვაც დიდი ვერაფერი. თუმცა ბევრისთვის ამგვარი ინტერესი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან საყვარელი ფილმით, წიგნითა თუ სიმღერით ზოგჯერ ხერხდება ხოლმე ადამიანის შინაგან სამყაროზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა. პასუხის მოლოდინში მთელი სხეულით დავიძაბე, თვალები დავხუჭე და საშინელი ტკივილისთვის მოვემზადე. მეგონა, რომ ბიონსე შემომცხებდა ფერდებში, ან, ჯვარი აქაურობას და, ჯასტინ ბიბერი მითავაზებდა ყბაში, ან კიდევ საკონტროლო გასროლით ივანა მელაი დააობლებდა ჩემს შვილებს. გოგონას გემოვნებაზე ქილიკი არც მიფიქრია, უბრალოდ, მწარე რეალობამ მოიტანა ასე - უარესისთვისაც მზად უნდა იყო. ჰოდა, მწარედ შევცდი - პასუხი მოკლე და კონკრეტული აღმოჩნდა: Nirvana.

http://www.youtube.com/embed/hTWKbfoikeg

ჩანდა, ბიჭმა იცოდა ამ ჯგუფის არსებობა, მაგრამ ურყევი რწმენა მაინც არ გააჩნდა. თავის გამოჩენა სცადა და განსწავლულობით ბეჭედდასმული სახით ჩაეკითხა: „ეგ ის სასტავი არ არის, ვოკალისტს იაპონელი ცოლი რომ ჰყავდა და მანიაკმა მოკლაო?“. ამგვარმა უმეცრებამ გოგონა გაზნიქა, ჰოლივუდურ ფილმებში ვამპირები მზის შუქზე რომ იტანჯებიან, დაახლოებით ასე გახევდა, წამით მკვდარიც კი მეგონა. მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია და ყმაწვილი კაცის აზრზე მოყვანას შეუდგა. გაირკვა, რომ ჯგუფი MTV-ის იმ ცნობილი ლაივის წყალობით აღმოუჩენია, მუსიკოსმა რომ გამართა თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე. ხომ გახსოვთ, რა მაგარი „ანფლაგდიცაა“? კაცმა რომ თქვას, კობეინს ერთი კუბო არ ედგა სცენაზე, თორემ წინასწარ გადახდილ პანაშვიდს უფრო ჰგავდა, ყველა საჭირო ატრიბუტით - ყვავილებითა თუ სანთლებით. ჰოდა, MTV-ის unplugged-ი თურმე ისე მოსწონებია, რომ გიტარაზეც უვლია რაღაც ხანი.

http://www.youtube.com/embed/KTaRX5RUtl0

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში სხვათა საუბრების ფარული მიყურადება მეტად პოპულარული საქმეა, ცოტა არ იყოს მაინც მიმძიმს ამ ამბებს ასე ხმამაღლა რომ ვყვები. მაგრამ მუსიკა ჩემთვის განსაკუთრებული თემაა და მსგავსი შემთხვევაც ხომ ხშირად არ ხდება? გოგონას პოპკულტურაში „ნირვანას“ მნიშვნელობასა თუ წარმატებაზე არ უსაუბრია, არც ის უხსენებია, თუ რა გავლენა მოახდინა კობეინმა ახალგაზრდა თაობაზე, როგორ არად დაგიდევდათ პოპულარობას, როგორ გააიგივა გრანჟი - აგრესიული, ექსტრემალური მუსიკა - პოპმუსიკასთან. მისი ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე დეტალს შეეხო - სახლიდან გაქცევას, აბერდინის ქუჩებში გაუთავებელ ხეტიალს, მუცლის აუტანელ ტკივილებს, პრობლემებს ნარკოტიკებთან, საკუთარ თავთან შინაგან ბრძოლებს და, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობასა და ცოლის სახელზე დატოვებულ წერილს. ბოლოს კი თანამგზავრი ვაჟის აღზრდა-განათლება ასეთი აზრით დაასრულა: „ნირვანას“ მოსმენას თუ დაიწყებ, შეიძლება დეპრესიულად და მძიმედ მოგეჩვენოს, მაგრამ მთავარი სათქმელის გამოხატვის ფორმებიაო. კურტ კობეინს არასოდეს უთამაშია, იმას მღეროდა, რასაც განიცდიდა - გულახდილად და გულწრფელად, ამიტომაც მიყვარსო.

სამწუხაროდ, აქ ჩემი ჩასვლის დრო მოვიდა, ამიტომ წარმოდგენა არა მაქვს, როგორ გაგრძელდა ლექცია. ერთი კი იყო, ფულს რომ ვიხდიდი, ვიფიქრე, მივაძახებ - ვახ, შენ გენაცვალე პატარა ქართველო ქალო-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. მართალია, ამ ერთეული შემთხვევით თაობის გემოვნებაზე ვერ იმსჯელებ, მაგრამ მიღებული შთაბეჭდილებით მაინც დავკმაყოფილდი, რომ თურმე არც ისე ცუდად გვქონია საქმე.

http://www.youtube.com/embed/n6P0SitRwy8

ეს ყოფითი, უბრალო ისტორია იმიტომ გამახსენდა, რომ 20 თებერვალს გრანჟის მოყვარულებმა კურტ კობეინის დაბადების დღე აღნიშნეს. ბუნებრივია, ყველამ თავისუბურად. ხალხმრავლობა იყო სიეტლის მუზეუმში, სადაც კობეინის წერილები, გიტარები თუ სხვა პირადი ნივთებია თავმოყრილი. აქა-იქ ხსოვნის კონცერტებიც გაიმართა. აბერდინელებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მუნიციპალიტეტის შარშანდელი გადაწყვეტილება, რომლის წყალობითაც არ მოხერხდა ქალაქის ხიდს მუსიკოსის სახელი მინიჭებოდა - მშობლიური ქალაქი სძულდა, ნარკომანი, წამხდარი კაცი იყო და სხვა რამე გვთხოვეთო. ალბათ, ის უცხო გოგონაც მოახერხებს რამეს, რამე ნოსტალგიურ ბლოგს მიუძღვნის ან ”ფეისბუკზე” განათავსებს საყვარელი ჯგუფის სიმღერებს და გულებს მიუწერს. არ ვიცი, თუმცა ერთ რამეში რატომღაც დარწმუნებული ვარ - რაც უნდა გააკეთოს, ისეთივე გულწრფელი და ნაღდი იქნება, როგორიც ცხონებული კობეინი გახლდათ.

http://www.youtube.com/embed/t730ag8kIjE