ნაციონალური მოძრაობის დაისი

მიხეილ სააკაშვილის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ცხოვრებაში, ერთი შეხედვით, არაფერი შეცვლილა. არადა, შეუძლებელია, სახელისუფლო პარტია ძველებური დღის წესრიგით აგრძელებდეს საქმიანობას.

მხოლოდ პრეზიდენტთან მეტისმეტად დაახლოებულმა რამდენიმე ადამიანმა შეიძლება იცოდეს, რას აპირებს სამომავლოდ ნაციონალური მოძრაობა ან პირადად მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტს ერთი მთავარი გადაწყვეტილება აქვს მისაღები:

ან იგი დარჩება რეგიონის ქვეყნებისთვის მისაბაძ რეფორმატორ-ლიდერად და, ამის საზღაურად, 2013 წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკას დატოვებს;

ან იგი ბოლომდე იბრძოლებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, იმის მიუხედავად, რა რისკებთან იქნება დაკავშირებული ასეთი გადაწყვეტილება როგორც პირადად მისთვის, ისე - ნაციონალური მოძრაობისთვის.

მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას ტაბუ აქვს დადებული ახალი რეალობის საჯარო განხილვაზე. თუმცა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას კომენტარი და ამ კომენტარის შემდგომი შეფასებები იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ პოლიტიკით ოდნავ დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა იცის ზემოთ აღწერილი პირობის შესახებ. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი - როგორიც უნდა იყოს ის - პირველ რიგში, ნაციონალურ მოძრაობაზე აისახება. ამიტომაც ვერ გააგრძელებს სახელისუფლო პარტია ძველებურად ცხოვრებას, - სანამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაირკვევა.


საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკები

იმ ვითარებაში, როცა პარტიის რეალურ ლიდერებს თავი ისე უჭირავთ, თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვინ გაუმხელს მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, გუბერნატორებს, გამგებლებს (და ა.შ), რა აქვს გადაწყვეტილი მიხეილ სააკაშვილს - წასვლა თუ დარჩენა? ამ გაურკვეველ, ხიფათით სავსე გარემოში თითოეულმა მათგანმა ინდივიდუალურად უნდა მოიფიქროს, რა იქნება პირადად მისთვის უფრო სასარგებლო - ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლა, თუ თავის გადარჩენაზე ზრუნვა.

რაკი მთავრობა - ამჟამად არსებული კონსტიტუციითაც - საპარლამენტო უმრავლესობის დასამტკიცებელია, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი საპარლამენტო სიაა. ის, ვისი გვარიც საპარლამენტო სიაში მოხვდება, თავს დანარჩენებზე მეტად დაცულად იგრძნობს. მაგრამ რაკი პარლამენტში პროპორციული სიისთვის სულ 77 მანდატი არსებობს, ნაციონალური მოძრაობის სიაში თავს მეტ-ნაკლებად დაცულად, სინამდვილეში, ისინი იგრძნობენ, ვინც პირველ 30-40 პოზიციას დაიკავებს. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი კონკურენცია გაჩაღდება საპარლამენტო სიის პირველ ათეულებში - ანუ ნოეს კიდობანში - მოსახვედრად და რა ცოტას გაუღიმებს ბედი.

„ფრონტის ხაზი“ ახლა სწორედ საპარლამენტო არჩევნებზე გადის და საარჩევნო სიაში პარტიის საუკეთესო რესურსმა უნდა მოიყაროს თავი. საპარლამენტო იმუნიტეტიც ამ „რესურსს“ სხვებზე მეტად სჭირდება. შევლენ თუ არა „საუკეთესო რესურსში“ ის ადამიანები, რომლებმაც ადგილებზე უნდა უზრუნველყონ არჩევნების მოგება? ცხადია, ყველა გუბერნატორის, გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის ადგილი „ნოეს კიდობანში“ არ აღმოჩნდება. რა იქნება სიის მიღმა დარჩენილების მოტივაცია - არჩევნების გაყალბება და ამით საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება, თუ ახალი გზების/პატრონის ძებნა და ამით ახალი რისკების დატეხა საკუთარ თავზე?


უახლოესი გარემოცვა

მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა არ არის ერთიანი გუნდი და მასში ძალაუფლების მოპოვებისთვის კონკურენცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამ გარემოცვის წევრებს პირველ რიგში დასჭირდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი - წასვლას თუ დარჩენას. პრეზიდენტს გადაწყვეტილიც რომ ჰქონდეს, მოსახლეობა საარჩევნო პროპაგანდით გააბრუოს და ამ საკითხის გარკვევის გარეშე გაიყვანოს საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადია, საკუთარ გარემოცვასთან მიხეილ სააკაშვილს ეს „ილეთი“ არ გაუვა. ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ უნდა იცოდნენ და ეცოდინებათ კიდეც, პრეზიდენტი ძალაუფლების სათავეში რჩება, თუ რეფორმატორი-ლიდერის ისტორიულ როლს სჯერდება. ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებს სხვებზე მეტი სიმწვავით აქვთ გადასაწყვეტი, თუ გაჭირდა, სად და როგორ შეაფარონ თავი.


ლიდერი

ნაციონალური მოძრაობის მთავარი პრობლემა დღეს ლიდერის საკითხია. სახელისუფლო პარტია პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩნდა. მას ჰყავს პოლიტიკურად მოტივირებული პოლიცია და ერთგული სასამართლო, აქვს ფინანსები და პროპაგანდისტული მედია, მის ხელთ არის ყველა საკანონმდებლო და ადამიანური რესურსი არჩევნების მოსაგებად, მაგრამ მოგების შანსი რეალურად მცირეა. მიზეზი ის არის, რომ პარტია თავიდან ბოლომდე აწყობილია ერთ ლიდერზე, რომელიც ახალი რეალობისთვის მეტისმეტად „დაძველებულია“; მაგრამ ახალი ლიდერი ვერ იბადება იმის გამო, რომ არსებული ლიდერი საკმარისად „ყავლგასული“ არ არის. ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალაც და მთავარი სისუსტეც მიხეილ სააკაშვილია.

თუმცა, ნაციონალური მოძრაობა გამონაკლისად არ უნდა მივიჩნიოთ.


რას ნიშნავს „სახელისუფლო პარტია“?

თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ ქვეთავში ტერმინი „სახელისუფლო პარტია“ გულისხმობს პატრონ-კლიენტელიზმის პრინციპზე აგებულ ძალაუფლების პარტიას, რომელიც, თავისი არსით, აღმასრულებელი ხელისუფლების დამხმარე მექანიზმია. ეს არის ბიუროკრატიის პრივილეგირებული კლუბი, რომლის ყველა წევრს, ძირითადად, ერთი ადამიანის ნების აღსრულება ევალება. სხვა სახელისუფლო პარტიების მსგავსად, ნაციონალური მოძრაობაც თავს სტაბილურობის და მოდერნიზაციის გარანტად აცხადებს. სინამდვილეში, მას რეალური პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია და მისი ზეამოცანა ლიდერის ხელში ძალაუფლების შენარჩუნებაა. ერთი მხრივ, პარტია ლიდერისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური საყრდენია, მაგრამ, მეორე მხრივ, ლიდერი თავად ქმნის სახელისუფლო პარტიის „არქიტექტურას“ და მისი სიმყარის გარანტიც თავად არის.

თუმცა, მმართველი პარტია, ლიდერის გარდა, „ნომენკლატურული კლუბის“ სხვა წევრებისგანაც შედგება, რაც მას ორ თავისებურებას სძენს:

სახელისუფლო პარტია არსებობს მხოლოდ იმგვარ გარემოში, რომლის ჰორიზონტზე არც ერთი სრულფასოვანი კონკურენტი არ ჩანს.

რეალური კონკურენტის გამოჩენის შემდეგ, სახელისუფლო პარტიის ჩინოვნიკები ადვილად იწყებენ გადადინებას იქ, სადაც მეტ ძალას ხედავენ და ძველი „ელემენტებით“ ახალ „კონსტრუქციას“ აყალიბებენ.

სახელისუფლო პარტიას არ გააჩნია რესურსი იმისათვის, რომ კონსოლიდირებული საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველ რეალურ პარტიად გარდაიქმნას. ამისთვის მან კონკურენტულ გარემოში უნდა მოძებნოს საკუთარი ადგილი. ეს კი ძალაუფლების პარტიის არსს ეწინააღმდეგება.

ამ საერთო წესიდან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობა ან პოლიტიკურად გაანადგურებს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და კვლავ უკონკურენტო გარემოში გააგრძელებს საქმიანობას; ან ნაციონალური მოძრაობა გაქრება პოლიტიკური არენიდან, მოქალაქეთა კავშირის მსგავსად. ახალი ლიდერის წინ წამოწევის და ამ გზით პარტიის გადარჩენის მოლოდინი - როდესაც არსებული ლიდერი ახალგაზრდა, ენერგიული და ძალაუფლებას მოწყურებულია - პოლიტიკის კანონებს ეწინააღმდეგება.

ძალაში ვტოვებ ჩემი წინა სტატიის მთავარ პროგნოზს: თუ მიხეილ სააკაშვილი გაცლას კი არა, ბრძოლას გადაწყვეტს, მას მოუხდება პრეზიდენტის პოსტის ნებაყოფლობით დატოვება და საპარლამენტო სიის გაძღოლა. სხვა ლიდერი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, ნაციონალურ მოძრაობას, უბრალოდ, ვერ ეყოლება.

P.S. 13 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობასთან პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განმარტა, რომ რეფორმები გრძელდება და „ბევრი საინტერესო ინიციატივა იქნება ბოლო სესიის განმავლობაში.“ დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივები კანონმდებლობის ცვლილებას და ამით ნაციონალური მოძრაობის დაისის გახანგრძლივებას ისახავს მიზნად.

ოღონდ, რა ვუყოთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში, ისუ ნავეს გარდა, მზის ჩასვლის დაყოვნება ვერავის მოუხერხებია?!