ალა ჯიოევამ შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს

ალა ჯიოევა

ალა ჯიოევა არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს. საავადმოფოში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა 9 თებერვალს სპეცრაზმელების მიერ მისი ოფისის დარბევისა და მისი მომხრეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა დამნაშავეს სასამართლოში უჩივლოს და საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც კი წაიღოს.

ალა ჯიოევას ჩვენი რადიოს კორესპონდენტი საავადმყოფოში ტელეფონით დაუკავშირდა. „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ჯიოევამ 9 თებერვლის საღამო გაიხსენა, როცა მის შტაბში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ხალხის ცემა და იქაურობის დარბევა დაიწყეს. საავადმყოფოს პალატაში, სადაც ამჟამად ალა ჯიოევა იმყოფება, ოჯახის წევრების გარდა არავის უშვებენ, საავადმყოფოს შესასვლელებში კი შეიარაღებული პირები დგანან.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოძიებას მისთვის რაიმე ბრალდება ან დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება არ წარუდგენია. ჯიოევა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მას იზოლაციაში იმის გამო ამყოფებს, რომ ხალხმა მისთვის მიყენებული დაზიანებები არ დაინახოს. მისმა მომხრეებმა მაინც მოახერხეს და ინტერნეტით გაავრცელეს ფოტოები, სადაც ჯიოევას სხეულზე არსებული სისხლჩაქცევებია დაფიქსირებული.

მომხდარის გამო ალა ჯიოევა პასუხისმგებლობას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს აკისრებს. მისი აზრით, ბროვცევის ბრძანების გარეშე ძალოვანები დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდნენ.

ალა ჯიოევას განცხადებით, თუ მის მიმართ დევნა არ შეწყდება, იტოვებს უფლებას პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ფარგლებს გარეთ. ოპოზიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ალა ჯიოევა საბოლოო გადაწყვეტილებას სამ დღეში მიიღებს, მანამდე კი ასევე რუსული მედიით ალა ჯიოევას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერვიუ გავრცელდა. ერთ ინტერვიუში ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და ამ საქმეში მას საფლავიც კი ვერ შეაჩერებს, მეორე ინტერვიუში კი აცხადებს, რომ ქარის წისქვილებთან ბრძოლას აზრი ეკარგება და პოლიტიკურ ემიგრაციაზე ფიქრობს. ალა ჯიოევას პოზიციების ხშირი და სწრაფი ცვლა მის მომხრეებში დაბნეულობას იწვევს.