აშშ-ში ყოფილმა სენატორმა, რიკ სანტორუმმა მოიპოვა გამარჯვება კენჭისყრებში, რომელიც კოლორადოს, მინესოტის და მისურის შტატებში გაიმართა, პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის გამოსავლენად. არჩევნები ნოემბერშია დანიშნული და გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაუპირისპირდება. სოციალური კონსერვატორის, სანტორუმის მიერ მოპოვებულმა გამარჯვებებმა დაასუსტა ლიდერად მიჩნეული მიტ რომნის პოზიციები. რომნიმ უკვე გაიმარჯვა ნევადის, ფლორიდისა და ნიუ-ჰემფშირის კენჭისყრებში. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საჯარო გამოსვლაში სანტორუმმა თავი დაახასიათა საუკეთესო კანდიდატად, რომელიც ობამასთან დაპირისპირებას შესძლებს. თუმცა რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტის უდიდესი ნაწილი მხარს რომნის კანდიდატურას უჭერს. რომნის წინასაარჩევნო კამპანიაც ყველაზე უკეთ ორგანიზებულად და ყველაზე კარგად დაფინანსებულად ითვლება.