სამდღიანი ვადა ფინანსური ანგარიშგებისთვის

ნათია მოგელაძე

საქართველოს კონტროლის პალატამ 8 თებერვალს ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციისთვის ორ ორგანიზაციას მიმართა. ეს ორგანიზაციებია ”რესპუბლიკური ინსტიტუტი” და ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა.” სუბიექტებს ანგარიშბრუნვის წარსადგენად 3 დღის ვადა განესაზღვრათ.

საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლისა და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ განცხადების თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირის ”რესპუბლიკური ინსტიტუტის” დამფუძნებელთა შორის ”რესპუბლიკური პარტიის” წევრებიც არიან.

”ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.”
ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად გვაქვს. ყველა აკეთებს და ჩვენც გამოგვიქვეყნებია ჩვენი დონორები, დაფინანსება, რაში ვხარჯავთ ფულს...

საზოგადოებისთვის ცნობილი ერთ-ერთი პირი, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და, ამავდროულად, ორგანიზაციასთან ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” ასოციირდება, არის თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი და ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე კოკი იონთამიშვილი. იგი ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და ორგანიზაციას წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა. ორგანიზაციის დღევანდელმა თავმჯდომარემ კი, მიხეილ დევდარიანმა, გვითხრა, რომ საზოგადოებრივად აქტიური ორგანიზაციებიდან კადრების პოლიტიკურ პარტიებში გადინება ჩვეულებრივი პროცესია და გამონაკლისი ამ მხრივ არც ”ახალი-თაობა - ახალი ინიციატივაა”. შესაბამისად, მიხეილ დევდარიანს უჭირს იმ პირების დასახელება, რომელთაც კონტროლის პალატა გულისხმობს. რაც შეეხება ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნას, იგი ამბობს, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს და ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრულ სამ დღეში ორგანიზაციისგან მოთხოვნილ ინფორმაციას მიიღებს:

”ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად გვაქვს. ყველა აკეთებს და ჩვენც გამოგვიქვეყნებია ჩვენი დონორები, დაფინანსება, რაში ვხარჯავთ ფულს. ჩვეულებრივი, ნორმალური პრაქტიკაა. როგორც პარტია უნდა აკეთებდეს, ისე ორგანიზაციები. როცა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობ, ეს პრაქტიკა ჩვეულებრივი ამბავია.”

მიხეილ დევდარიანი ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივის” დონორთა რიგებში ასახელებს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის“, ნატოს სათავო ოფისი, ბალტიის ატლანტიკური ორგანიზაციები და სხვ.

ორგანიზაციას ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” კონტროლის პალატისგან ფინანსური ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ოფიციალური მიმართვა ჯერ არ მიუღია, ისევე როგორც ”რესპუბლიკურ ინსტიტუტს.” ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და გამგეობის წევრთა შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებიც არიან. კერძოდ, თინა ხიდაშელი, ივლიანე ხაინდრავა, ლევან ბერძენიშვილი. კონტროლის პალატიდან მოთხოვნის წერილის მიღებამდე ისინი ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებენ, გვითხრა „რესპუბლიკური პარტიის“ პრესმდივანმა თინათინ ძნელაძემ.

”განცხადება კი ვნახეთ, მოვისმინეთ, მაგრამ სანამ ოფიციალურად არ მიმართავენ ამ ორგანიზაციას,“ რესპუბლიკურ ინსტიტუტს“, მანამდე განცხადებებს არ აკეთებენ. პოზიცია ასეთია. უნდა ვნახოთ კონკრეტულად მიმართვაში რა იქნება მოთხოვნილი“, - ამბობს თინათინ ძნელაძე. დღეს კი კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე, მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადების თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი წლიური ფინანსური დეკლარაციები გამოქვეყნდება.