ქართული პრესის მიმოხილვა. 6 თებერვალი, 2012

დღევანდელი ქართული პრესის ყველაზე საინტერესო პუბლიკაცია, ალბათ, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ”ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული ინტერვიუ გახლავთ, რომელიც ცალკე სასაუბრო თემაა.”მთელ კვირაში” დღეს წაიკითხავთ სტატიას, სახელწოდებით ”პრეზიდენტი და ტყუილი”. გაზეთი მიმოიხილავს განცხადებებს, რომლებიც სააკაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა და წერს, რომ პრეზიდენტის მიერ ნათქვამი სიმართლეს ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ, არ შეესაბამებოდა. მაგალითად, მას უთქვამს, საქართველო ”მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო ჰაბი" გახდა და "საქართველოში ახლახან დასრულდა ევროპაში უდიდესი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაო”. უდიდესი სავაჭრო ცენტრი კი, წერს გაზეთი, ევროპაში, ლონდონში მდებარეობს. პრეზიდენტს უთქვამს, სახელმწიფო მოწყობის ახალ სისტემაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავდივართო, არადა, წერს გაზეთი, „კონსტიტუციაში არის გარდამავალი მუხლი, სადაც წერია, რომ ეს ახალი სისტემა ძალაში შედის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ძალაში შესვლის შემდეგ”. ”არიან ადამიანები, რომლებიც ჰყვებიან გამოგონილ ამბებს და ამას აკეთებენ არა იმისთვის, ვინმე მოატყუონ, არამედ ეს არის მათი ტენდენცია, რომ გზადაგზა რაღაცები მოიგონონ და რომ ჰკითხოთ, რატომ თხზავს, ვერ გიპასუხებთ - ეტყობა ის ვერსია, რომელიც შეთხზა, მისთვის უფრო სასიამოვნოაო”, - უთხრა გაზეთს ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.

”კვირის პალიტრა” უბრუნდება როკ-კლუბის ხელმძღვანელის ეკატერინე ლემონჯავას განცხადებებს, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მუქარითა და ძალადობით სცადეს ჩემი გადაბირებაო, და მის ამბავს დაწვრილებით ჰყვება. ”ვფიქრობ, ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალება, ეს იმ სამი ადამიანის კერძო ინიციატივას უფრო ჰგავდა, მაგრამ მათ ვერ გათვალეს, როგორ მოვიქცეოდიო”, - უთხრა ეკატერინე ლემონჯავამ ”კვირის პალიტრას”. სტატიის სათაურია ”ვერდავერბოვკებული”.

”ვერსია” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ”დაიცავი საქართველოს” წევრ კახა მიქაიასთან, რომელიც ეგრეთ წოდებული მესამე ძალის შესაძლო ჩამოყალიბებაზე ლაპარაკობს. ლევან გაჩეჩილაძეზე საუბრისას მან თქვა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვვა, რომ ლევანი და მე მესამე ცენტრში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არც კახა კუკავასთან თანამშრომლობას და არც ნინო ბურჯანაძესთანო.

თავად ნინო ბურჯანაძე კი ”კვირის ქრონიკას” ესაუბრა ვრცლად. მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პლურალიზმზე გააკეთა კომენტარი, უფრო სწორად, თქვა, ასეთი რამ არ არსებობს და მინიმუმ ხუთი-ექვსი პარტიაა, რომელიც ამ ხელისუფლების სატელიტიაო. კობა დავითაშვილის განცხადებაზე, ბურჯანაძემ ალასანიას კრიტიკით ალიანსთან ხიდები დაწვაო, ყოფილი სპიკერი აცხადებს: ”რატომ ჰგონია კობა დავითაშვილს, რომ მის კოალიციაში მინდა შესვლა, ნამდვილად არ ვიცი. არ მაქვს სურვილი იმ ადამიანების გვერდით ვიყო, რომლებიც ტყავიდან ძვრებიან, რათა პოზიცია გაამყარონ და გიგა ბოკერიაზე ამყარებენ იმედებსო.”