რუსეთში დემონსტრანტებმა პატიოსანი არჩევნები მოითხოვეს

მოსკოვში ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა აქციაზე „პატიოსანი არჩევნების“ მოთხოვნით. ისმოდა შეძახილები „რუსეთი პუტინის გარეშე“. ცნობების თანახმად, 100 000-მდე დემონსტრანტი მივიდა აქციაზე, რომელიც 4 თებერვალს ადგილობრივი დროით 13 საათზე (თბილისის დროით 14 საათზე) დაიწყო მოსკოვის ცენტრში საპროტესტო სვლით.

დემონსტრაციის მონაწილე 22 წლის სვეტლანას თქმით, ის აქციაზე მივიდა, რადგან შიშობს, რომ რუსეთი ერთ ადგილზე გაჩერდება, თუ პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი 4 მარტის არჩევნების შემდეგ ისევ დაბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე. „არ მინდა, რომ პუტინი კიდევ ერთი ვადით დარჩეს, სასურველია ქვეყანაში რაღაც იცვლებოდეს. რადგან, როცა ერთი ადამიანი ამდენი ხანი რჩება ხელისუფლების სათავეში, ქვეყანა წინ ვეღარ მიიწევს და ვეღარ ვითარდება. მაინც კარგი იქნებოდა განვითარება და რაღაც უკეთესის მიღწევა“, - ამბობს მოსკოველი სვეტლანა, რომელიც ათასობით თანამოაზრეასთან ერთად მონაწილეობდა დემონსტრაციაში ძლიერი ყინვების მიუხედავად.

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთში იმართება დემონსტრაციები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ


როგორც იუწყებიან, მოსკოვში 4 თებერვალს ტემპერატურა -20 გრადუსი იყო.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ბოლოტნის მოედანზე, სადაც მათ მიმართეს ოპოზიციის ლიდერებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ხელოვანებმა. მათ შორის იყო ოპოზიციურ პარტია "იაბლოკოს" ლიდერი გრიგორი იავლინსკი, რომელსაც საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა მარტის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

„დიახ, ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ ყველას ერთი ფერი გვაქვს - რუსეთის დროშის ფერი! ყველა ერთად ვიცავთ ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა იავლინსკიმ.

ბოლოტნის მოედანზე შეკრებილების წინაშე გამოსვლისას, აქციის ორგანიზატორების მოთხოვნები ჩამოთვალა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვლადიმირ რიჟკოვმა: „ (მოვითხოვთ) პირველი - ყველა პოლიტპატიმრისა და მართლმსაჯულებასთან შეუსაბამოდ გასამართლებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასეა? მეორე - სახელმწიფო სათათბიროს გაყალბებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას. სწორია? მესამე - (საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმირ) ჩუროვის გადაყენებას და მის ქმედებათა გამოძიებას, არჩევნებზე დარღვევებისა და გაყალბების ყველა ფაქტის გამოძიებას, დამნაშავეთა დასჯას. ასეა?“

დემონსტრაციები გაიმართა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. მაგალითად, სანქტ პეტერბურგში, ტომსკში, ხაბაროვსკში. დემონსტრანტები მოითხოვდნენ რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას, საარჩევნო რეფორმებს და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულ პირთა, მათ შორის მიხაილ ხოდორკოვსკის გათავისუფლებას.

მოსკოვში გაიმართა პუტინის მხარდამჭერა აქციაც, პოლიციის ცნობით, 23 000-მდე ადამიანის მონაწილეობით. ორგანიზატორები მას უწოდებენ „ანტი-ნარინჯისფერ პროტესტს“, რითაც მიანიშნებენ, მათი შეფასებით, ოპოზიციის მცდელობაზე, მიბაძოს უკრაინაში 2004 წელს მომხდარ „ნარინჯისფერ რევოლუციას.

4 თებერვლის დემონსტრაციები არის რუსეთში რიგით მესამე მასშტაბური პროტესტი დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნების გაყალბების ბრალდებასთან დაკავშირებით.