პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა ექსტრემისტებთან შეტაკებას

პაკისტანში შვიდი ჯარისკაცი და 18 ისლამისტი ექსტრემისტი დაიღუპნენ ავღანეთის საზღვრის მახლობლად, კურამის რეგიონში მომხდარი შეტაკების შედეგად. პაკისტანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ექსტრემისტებმა ცეცხლი გაუხსნეს უშიშროების ძალების პოსტს, მოკლეს, სულ ცოტა, შვიდი და დაჭრეს სამი ჯარისკაცი. პაკისტანელი სამხედროების საპასუხო დარტყმის შედეგად დაიღუპა, ოფიციალური პირების ინფორმაციით, 18 ექსტრემისტი. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომლის წარმომადგენლის თქმითაც, მეამბოხეებმა მოკლეს პაკისტანის სასაზღვრო ჯარების 12 წევრი, ტყვედ აიყვანეს ოთხი. ინციდენტის შესახებ არ გავრცელებულა დამოუკიდებელ წყაროების მიერ შემოწმებული ინფორმაცია. კურამის პროვინცია, სადაც შეტაკება მოხდა, მიჩნეულია თალიბანისა და ალ-ყაიდის დასაყრდენად.