სოხუმის ლიდერები "აფხაზეთის იზოლაციაზე" საუბრობენ

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს იმ ინფორმაციის გამო, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ აღიარა სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობის გადაადგილების მიზნით შემოღებული სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტები. ასეთ სახელმწიფოებად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 25 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკა და ლიტვა დაასახელა. სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნეიტრალური დოკუმენტები, ჩართულობის ხელშეწყობის ნაცვლად, აფხაზეთის იზოლაციას გამოიწვევს.

სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტებია პირადობისა და სამგზავრო მოწმობები. პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი ფლობა შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ იმ პირებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიღებული არა აქვთ. ნეიტრალური სამგზავრო მოწმობა კი, თავის მხრივ, არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დოკუმენტი მფლობელს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას აძლევს, საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გაცემა, სეპარატისტული რეგიონების რეინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში 50-ზე მეტი დოკუმენტი გაიცა, გვითხრა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ:

”ამ ორი, ორთვე-ნახევრის განმავლობაში უკვე გაცემულია პრინციპში 50-ზე მეტი დოკუმენტი. მათ შორის უმრავლესობა პირადობის ნეიტრალური მოწმობაა, ხოლო ცოტა უფრო ნაკლები - სამგზავრო დოკუმენტი. ტენდენცია ასეთია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოქალაქეები უფრო მეტი იღებს ამ დოკუმენტს, ვიდრე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.”

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში კი მოხარულები არიან ამ დოკუმენტების მიმართ როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფოების მიერ გამოჩენილი ინტერესის გამო და იმედოვნებენ, რომ დოკუმენტების აღიარების პროცესი წარმატებული იქნება. სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტები ამ დროისათვის აღიარეს ჩეხეთმა, იაპონიამ, ლიტვამ და ლატვიამ.

ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ნაწილია. სამოქმედო გეგმისა და ნეიტრალური დოკუმენტების მიმართ თვითაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელ პირთა ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ცნობილია. ამჯერად ნეიტრალური დოკუმენტების აღიარების საკითხზე თავისი აღშფოთების გამოხატვას აფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებების ტრიბუნიდანაც გეგმავს. აი, რა განაცხადა 24 იანვარს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩისლავ ჩირიკბამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორთან შეხვედრაზე:

”ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ ცოტა ხნის წინ ჩეხეთმა და იაპონიამ თანხმობა განაცხადეს ნეიტრალური პასპორტების აღიარებაზე. ჩვენ, რასაკვირველია, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელითაც განვაცხადებთ. ამ საკითხს დავაყენებთ ჟენევის მოლაპარაკებებზეც. აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე, აფხაზეთის ხელისუფლების ზურგსუკან აფხაზეთის მოქალაქეებისთვის პასპორტების დარიგება მიუღებელია.”

თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად კი, ბოლო დროს გახშირდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემულ რუსულ საზღვარგარეთის პასპორტებში შენგენის ვიზების ჩარტყმაზე უარის პრაქტიკა. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, აფხაზეთის მკვიდრთა ლეგიტიმური დოკუმენტების იგნორირების ფონზე, თბილისის ნეიტრალური დოკუმენტების აღიარება კვალიფიცირებული იქნება, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა დისკრიმინაცია და აფხაზეთის ხალხის იზოლაციის კიდევ ერთი მცდელობა.