გაეროში სირიის მიმართ პოლიტიკაზე დაობენ

სირია

იანვრის ბოლო დღეს გაეროს უშიშროების საბჭო „არაბთა ლიგის“ ანგარიშს ისმენდა სირიაში ვითარების შესახებ. ამ ქვეყანაში შარშან, მარტში, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო. მთავრობის მხრიდან დემონსტრაციების ძალით ჩახშობას, ასევე სამხედროთა მიერ არმიის დატოვებას და მეამბოხეთა მხარეს გადასვლას, შემდგომ შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლი. გაეროს მონაცემებით, მარტის შემდეგ სირიაში ორივე მხარეს ხუთი ათას ოთხასი ადამიანი დაიღუპა. „არაბთა ლიგამ“, რომელსაც მეთვალყურეები ჰყავს სირიაში, იქაური ვითარების შესახებ ანგარიში გადასცა გაეროს. ლიგის გეგმის თანახმად, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უნდა გადადგეს. ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ელარაბიმ უშიშროების საბჭოს მოუწოდა სწრაფად და გადაჭრით იმოქმედოს, რომ სისხლისღვრა შეჩერდეს და სირიელი ხალხი ბედის ანაბარა არ იქნეს დატოვებული. კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰამად ბინ იასიმ ალ-თანიმ განაცხადა, რომ „სირიაში სიკვდილის მანქანა განაგრძობს მუშაობას“. მე, თქვა შეიხმა ჰამადმა, არ ვემხრობი სამხედრო ინტერვენციას სირიაში, მაგრამ საჭიროა სირიაზე კონკრეტული ეკონომიკური ზეწოლა, რათა რეჟიმი მიხვდეს, რომ ხალხის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავისი პოზიცია გამოხატა გაეროში წარდგენილი რეზოლუციის შესახებ. მან დაადასტურა, რომ ეს რეზოლუცია არ ითვალისწინებს სამხედრო ინტერვენციას სირიაში:

ჰილარი კლინტონი

„უშიშროების საბჭოში ამ დღეებში შევათანხმებთ წინადადებებს და მოვრიგდებით სირიის თაობაზე რეზოლუციის შესახებ, რომელიც ცხადი მესიჯი იქნება პრეზიდენტ ასადისა და რეჟიმისთვის. ვფიქრობ, ნათელი იყო, რომ „არაბთა ლიგა“ წამყვან როლს თამაშობს და ჩვენ მის პოზიციას მხარს ვუჭერთ. და მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს განზრახვა, შეიქმნას რაიმე შემცვლელი მმართველი ძალა ან განხორციელდეს რაიმე სახის სამხედრო ინტერვენცია.“

რუსეთი და მასთან ერთად ჩინეთი - ორივე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ვეტოს უფლებით - წინააღმდეგი იყვნენ სამხედრო ინტერვენციისა. მოსკოვის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ კრემლი წინააღმდეგია გარედან ჩარევისა და მხარს უჭერს პოლიტიკურ დიალოგს სირიაში დაპირისპირებულ ძალებს შორის. ჩურკინის თანახმად, მოსკოვი მზადაა უმასპინძლოს „არაბთა ლიგის“ ეგიდით ამგვარ შეხვედრას წინაპირობების გარეშე.

რეზოლუციების თაობაზე ჩურკინმა თქვა:
ცნობილია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით შეგვიძლია უფრო გავართულოთ ვითარება, გამოვიწვიოთ ახალი კონფლიქტები, ახალი სისხლისღვრა...

„ნუ მიაყენებ ზიანს - ესაა პრინციპი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პროექტებზე მუშაობისას. ცნობილია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით შეგვიძლია უფრო გავართულოთ ვითარება, გამოვიწვიოთ ახალი კონფლიქტები, ახალი სისხლისღვრა. როცა მანქანას მართავთ, და „არაბთა ლიგა“ ასეთ მდგომარეობაშია, შეიძლება „ზედმეტად დააჭირო გაზს“ და ხევში გადაიჩეხო.“

გაეროში სირიის წარმომადგენელმა ბაშარ ჯაფარიმ კონფლიქტზე ილაპარაკა და თქვა, რომ მთავრობა არ არის დაპირისპირების ინიციატორი. მან აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები დაადანაშაულა და განაცხადა, მათი სურვილია კოლონიალიზმი და ჰეგემონიზმი დაბრუნდესო. დასავლელ დიპლომატებს იმედი აქვთ, რომ რეზოლუციას ამ კვირაში უყრიან კენჭს. სირიაში კი, გაეროში ამ მსჯელობების ფონზე, ძალადობა გრძელდება. დამასკის შემოგარენი კვლავ მთავრობის ჯარმა დაიბრუნა. ეს არეალი სირიის სახელმწიფო არმიის დეზერტირებს ჰქონდათ დაკავებული. ბრძოლებია ქალაქ ჰომსშიც. ბრიტანეთში დაფუძნებული „სირიის ადამიანის უფლებათა მეთვალყურე“ იტყობინება, რომ ორშაბათის შემდეგ, როცა სირიის მთავრობამ დაიწყო შეიარაღებული ოპოზიციის მიერ დაკავებული არეალების დაბრუნება, ასამდე ადმიანი დაიღუპა.