ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აკბარ სალეჰიმ ორშაბათს გაეროს ბირთვულ ექსპერტებს შესთავაზა გაახანგრძლივონ ირანში სამდღიანი ვიზიტი - და გამოხატა იმედი, რომ ექსპერტების მიერ გამოტანილი დასკვნები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტი სამშაბათს უნდა დასრულდეს. ვიზიტს აღიქვამენ ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის შესაძლებლობად. ეს დაძაბულობა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც გაეროს სააგენტოს მიერ ნოემბერში გავრცელებულ ანგარიშში გამოითქვა მყარი ვარაუდი, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის გარკვეული ასპექტები მხოლოდ სამხედრო მიზნებს შეიძლება რომ ემსახურებოდეს. ირანმა ანგარიში უარყო და მას მიკერძოებული უწოდა.