კრედიტები იაფდება

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. 18 იანვრის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკებისთვის გასაცემი სესხის განაკვეთი 25 პუნქტით შემცირდა და, ჯამში, 6,5 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის განმარტებით, კრედიტის გაიაფება შესაძლებელი გახდა ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის გამო. საინტერესოა, როგორ აისახება ეროვნული ბანკის პოლიტიკა კომერციული ბანკებისა და მათი მომხმარებლების საქმიანობაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის საქმიანობის უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში განუხრელად ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. 18 იანვრის გადაწყვეტილება ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შემცირებული ინფლაციითა და იმედისმომცემი პროგნოზით ახსნა. ინფლაციის დაბალ დონეზე ამახვილებს ყურადღებას „საქსტატის“ ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძეც:
განაკვეთის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში მიღწეულია ფასების სტაბილიზაცია, ანუ მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა ასწია რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე, მიღწეულია ...

„დეკემბრის დასაწყისში გამოვაქვეყნეთ ინფლაციის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1,9 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 1,9 პროცენტი.“

„საქსტატისა“ და ეროვნული ბანკის მონაცემებით, ასევე დაბალი, 0,4 პროცენტია საბაზო ინფლაცია, ანუ ინფლაცია, სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით. ბანკის პროგნოზით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის თქმით, კრედიტების გაიაფების ხელსაყრელ პირობას ქმნის:

„განაკვეთის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში მიღწეულია ფასების სტაბილიზაცია, ანუ მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა ასწია რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე, მიღწეულია. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა დაეწყო უფრო იაფი ფულის პოლიტიკა და ამით ხელს შეუწყობს მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის გაზრდას. ვფიქრობ, რომ ეს ოდნავ გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს, თუმცა, როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკს აქვს იმის გათვლა, რომ მაჩვენებელი არ გასცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 6 პროცენტია.“
შეიძლება ეს ცვლილება მყისიერად არ აისახოს საკრედიტო განაკვეთის ფასზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სიგნალი ბანკებისთვის ...

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებამ კომერციულ ბანკებს მნიშვნელოვანი სარგებელი უკვე მოუტანა. საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის თქმით, 2011 წელს კომერციული ბანკების მოგებამ 300 მილიონ ლარს გადააჭარბა, ბანკებმა ასევე მნიშვნელოვნად - 30 პროცენტზე მეტად - გაზარდეს საკრედიტო პორტფელების მოცულობა. გიორგი ცუცქირიძის ვარაუდით, ეროვნული ბანკის პოლიტიკით ხეირს კომერციული ბანკების მომხმარებლებიც ნახავენ.

„შეიძლება ეს ცვლილება მყისიერად არ აისახოს საკრედიტო განაკვეთის ფასზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სიგნალი ბანკებისთვის, რომ მომავალში მოხდეს დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთის დაწევა - ამის ერთგვარი სტიმულატორი, ინსტრუმენტია. განაკვეთები, გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია. არ ვამბობ, რომ საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალია, მაგრამ თუ შევადარებთ ჩვენსავე მაჩვენებლებს წინა წლებში, საპროცენტო განაკვეთი ყველა მიმართულებით 1,0-1,5 პროცენტით დაწეულია“, უთხრა გიორგი ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს კომერციულ ბანკებში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 20 პროცენტია, გრძელვადიანი იპოთეკური სესხებისა - 12-14, ხოლო ბიზნესსესხებისა - 16 და მეტი პროცენტი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ: ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ეროვნული ბანკისვე ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2012 წლის 15 თებერვალს გაიმართება.