ბალეტის ამერიკელი მოცეკვავე დიდ თეატრში

დევიდ ჰოლბერგი (ნატალია ოსიპოვასთან ერთად) ბალეტ "მძინარე მზეთუნახავში" (ნიუ-იორკი, 2010 წლის 19 ივნისს).

მოსკოვის დიდმა თეატრმა - მსოფლიოში სახელგანთქმულმა, პირველ რიგში, ბალეტის ტრადიციით, პირველად მიიღო თავის დასში ამერიკელი მოცეკვავე. პირიქით ხშირად მომხდარა - დიდი თეატრის არაერთი ვარსკვლავი წასულა დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის შეერთებული შტატების წამყვან სცენებზე, კარიერის გასაგრძელებლად. ამიტომაც არის, რომ ბალეტის ამერიკელ ვარსკვლავზე, დევიდ ჰოლბერგზე საუბრისას, გვერდს ვერ უვლიან რუდოლფ ნურეევისა და მიხაილ ბარიშნიკოვის სახელებს...

4 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღე იქნება დიდი თეატრის ორსაუკუნოვან ისტორიაში: მის სცენაზე შედგება დიდი თეატრის საბალეტო დასის პირველი დასავლელი წევრის - დევიდ ჰოლბერგის დებიუტი. ჰოლბერგი 29 წლისაა. ის დაბადებულიც არ იყო, როცა საერთაშორისო მასშტაბის სენსაციად იქცა ლეგენდარული საბჭოთა მოცეკვავის, რუდოლფ ნურეევის გადაწყვეტილება, პარიზში დარჩენილიყო, საბჭოთა კავშირში დაბრუნების ნაცვლად. ნურეევი დღემდე ბევრს მიაჩნია, თუ საუკეთესოდ არა, ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ ბალეტის ისტორიაში. ეს გარემოებაც არის მიზეზებს შორის, რომელთა გამოც ამერიკელი მოცეკვავე კატეგორიულ უარზეა, თავისი ამბავი ნურეევის თავგადასავალს შეადაროს.

„ეს ამბავი ვფიქრობ, არ არის ისეთი დრამატული, როგორც საბჭოთა კავშირიდან ნურეევის, ან მიხაილ ბარიშნიკოვის გაქცევა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ თეატრს პირველად ეყოლება უცხოელი სოლისტი, თან არა უბრალოდ უცხოელი, არამედ ამერიკელი. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ ამოცანას“, - ამბობს ჰოლბერგი და იმედს გამოთქვამს, რომ შეძლებს, გარკვეულწილ მაინც, შუამავლის როლი შესრულოს ამერიკა-რუსეთის არცთუ იოლ ურთიერთობაში.

დევიდ ჰოლბერგი ამერიკის კულტურული ცენტრებიდან შორს, სამხრეთ დაკოტის შტატში დაიბადა და ცეკვასთან დაკავშირებული პირველი ძლიერი შთაბეჭდილება კინოში მიიღო - ჰოლივუდის ფილმით, რომელშიც პირველად ნახა ლეგენდარული მოცეკვავე ფრედ ასტერი. 10 წლისამ ცეკვა დაიწყო, თუმცა ბალეტის გაკვეთილებზე 13 წლის ასაკამდე არ უვლია - საბედნიეროდ, პედაგოგმა მაშინვე შეამჩნია ბიჭის საუცხოო ფიზიკური მონაცემები და მოქნილობა. არიზონაში, მოგვიანებით, პარიზისა და ნიუ-იორკის საბალეტო სასწავლებლებში სიარულის შემდეგ, ჰოლბერგი 2001 წელს მიიღეს ამერიკის საბალეტო თეატრში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. ოთხ წელიწადში ის დასის სოლისტი გახდა. გარდა ამისა, ხშირად გამოდიოდა სტოკჰოლმის, ბუენოს-აირესის, კიევის საბალეტო კომპანიებთან ერთად. 2008 და 2009 წლებში, ის ამერიკის საბალეტო თეატრთან ერთად იყო გასტროლებზე რუსეთში და დიდი თეატრის სცენაზეც გამოვიდა.

იდეა, რომ ამერიკელი მოცეკვავე მოსკოვში, სოლისტად მიეწვიათ, ეკუთვნის სერგეი ფილინს, რომელიც მარტში დაინიშნა დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. აპრილში დევიდ ჰოლბერგს უკვე ოფიციალური მიწვევა მიუვიდა - გაირკვა, რომ დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კარგა ხანია, თვალს ადევნებს მის კარიერას, ისევე როგორც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორი, ბალეტის კრიტიკოსი სარა კაუფმანი, რომელსაც დევიდ ჰოლბერგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ მიაჩნია.

დევიდ ჰოლბერგი "გედების ტბაში"


„მას აქვს ძალიან ლამაზი ტერფები, ნამდვილი პრინცის, კეთილშობილური, - ამბობს კაუფმანი. - ძალიან ელეგანტურად მოძრაობს და ცეკვისას არ ეტყობა ძალდატანება. სახე არ ეჭმუხნება ტრიალის დაწყებამდე, არ იმანჭება და არც რაიმე სხვა, მსგავს შეცდომას უშვებს ბევრი სხვა მოცეკვავე მამაკაცისაგან განსხვავებით. ამას გარდა, მისი განსაკუთრებით ძლიერი მხარეა ცეკვის მიმართ დამოკიდებულება: ის მართლა მონდომებულია, შექმნას ხასიათი და ამიტომ არის მისი შესრულება ასეთი შთამბეჭდავი.“

სარა კაუფმანისთვის ცხადია, რომ დიდი თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა საბალეტო დასში სოლისტი მამაკაცების ნაკლებობა და, შესაბამისად, გაუჩნდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავის, დევიდ ჰოლბერგის მიწვევის სურვილი.

„დიდი თეატრი გასაოცარი ისტორიის მქონე ადგილია. დიდებული ტრადიციების მქონე. ჩემი აზრით, ასეთი ნაბიჯით, კარს მიღებს არა მარტო მე, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, არამედ ბალეტის სამყაროსა და მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ აღიარებს ხელოვნების ამ ფორმის გლობალიზაციას,“ - ამბობს ჰოლბერგი.

ბალეტის კრიტიკოსი სარა კაუფმანიც იზიარებს შეფასებას, რომ დიდ თეატრში ჰოლბერგის მიყვანა - ისტორიული მნიშვნელობის სიახლეა, რომელიც ასახავს ბოლო ათწლეულებში მიმდინარე ცვლილებებს. მეორე მხრივ, იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთის წამყვანი საბალეტო დასისთვის თუნდაც მნიშვნელოვანი სიახლე არ ნიშნავს, რომ მასობრივად დაიწყებენ უცხოელების დაპატიჟებას. დიდი თეატრის პრესმდივნის, კატერინა ნოვიკოვას განცხადებით, კომპანია არ უღალატებს ტრადიციას და გააგრძელებს დასის 90 პროცენტის დაკომპლექტებას საკუთარი სასწავლებლიდან. სხვათა შორის, დიდი თეატრის დასი - 200-ზე მეტი წევრით - უდიდესია მსოფლიოში. რაც შეეხება ამერიკელ დევიდ ჰოლბერგს - პრესმდივანი აღნიშნავს, რომ ის მიიწვიეს გამორჩეული ნიჭის გამო...

„ზოგი ძალიან მეგობრულად იქნება განწყობილი, ზოგს შეშურდება, ზოგი კონკურენციას გაუწევს, მაგრამ მთლიანობაში, კომპანიის განვითარებისათვის, ყოველთვის ძალიან კარგია დიდი მოცეკვავის მოწვევა, - ფაქრობს ჰოლბერგი. - როგორც კი გამოავლენ შენს შესაძლებლობებს, რომლებზეც თვალს ვერავინ დახუჭავს, რომლებიც შთამბეჭდავია - თუნდაც, ტექნიკა - არა მგონია, ვინმეს გაუჩნდეს შეკითხვა კომპანიაში შენს ყოფნასთან დაკავშირებით. და როგორც კი გამოჩნდება დიდი მოცეკვავე კომპანიაში - მაშინვე გაუმჯობესებას იწყებს მთელი კომპანიის ხარისხი, ამიტომ განწყობა ყოველთვის ძალიან კარგია.“

ოქტომბრის ბოლოს საზეიმო განწყობაც იქნება: გავრცელებული ცნობებით, გაიმართება ცერემონია, ექვსწლიანი რემონტის შემდეგ დიდი თეატრის გახსნასთან დაკავშირებით. ცერემონიას გაუძღვება თვით პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი და მოსკოვში იმედი აქვთ, რომ რემონტის დასრულებასთან ერთად, ბოლო მოეღება მითქმა-მოთქმას ამ უაღრესად პრესტიჟულ ობიექტთან დაკავშირებული სამუშაოების გაჭიანურებისა და კორუფციის გარშემო.

დევიდ ჰოლბერგს მითქმა-მოთქმა არ აინტერესებს - ის დიდი თეატრის სცენაზე, სოლისტად დებიუტისთვის ემზადება - ალბრეხტის პარტიისათვის ადანის ბალეტ „ჟიზელში“.

„მე, პირადად, მინდა, რომ დავშორდე ჩემს გამოცდილებას სრულიად ახლებური ცხოვრებითა და ეტაპით ჩემს კარიერაში - მაგრამ თან მინდა ბალეტის სამყაროს ვაჩვენო, რომ, იცით, შეუძლებელი არაფერია,“ ამბობს ჰოლბერგი. მისი დებიუტი 4 ნოემბერს შედგება, რაც მნიშვნელოვან სიახლედ ითვლება დიდი თეატრის ორსაუკუნოვან ისტორიაში.