კანდიდატების სიმრავლე თვითაღიარებულ რესპუბლიკაში

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზოგადოებასა და პოლიტიკოსებზე მარტის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაიმე შეიცვლება. ცხინვალში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ არჩევნები ძველი სცენარით წარიმართება. დე ფაქტო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ვითარება იმდენად არეულია, რომ უკვე ძნელი გასარკვევია, ვინ რას წარმოადგენს. მისი აზრით, მარტის არჩევნებშიც ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რაც ისედაც დაბნეულ საზოგადოებას უფრო მეტად დააბნევს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოახლოებულ არჩევნებში 30-მდე კანდიდატს ექნება მონაწილეობის სურვილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პატარა დე ფაქტო რესპუბლიკაში 34 ათასამდე ამომრჩეველია, გამოდის, რომ 1000 ამომრჩეველზე ერთი კანდიდატი მოვა. ცხინვალში ხუმრობენ კიდეც, რომ კანდიდატების სიუხვით დე ფაქტო რესპუბლიკა შესაძლოა გინესის რეკორდსმენიც კი გახდეს. ურეიტინგო კანდიდატების სიჯიუტე კი ადგილობრივ საზოგადოებას უკვე აღიზიანებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი სონია ხუბაევა მიიჩნევს, რომ არჩევნები საბავშვო თამაში არ არის და კანდიდატები საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. მისი აზრით, თუ მოვლენები ნოემბრის სცენარის მიხედვით განვითარდა, ცხინვალში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე რეალური აღმოჩნდება.

კრემლის გავლენა რომ ისევ მნიშვნელოვანი იქნება არჩევნებზე, ამას არავინ უარყოფს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან პლიევი, რომელიც ალა ჯიოევას შტაბის წარმომადგენელი იყო, ფიქრობს, რომ კრემლს საკუთარი ფავორიტი ისევ ეყოლება.

ექსპერტების აზრით, კოკოითის ხელისუფლება იმდენად არასასურველი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ სახელისუფლებო კანდიდატიც კი თავის საარჩევნო კამპანიას ყოფილი ხელისუფლების კრიტიკაზე ააგებს და საკუთარ ოპოზიციონერობაში ამომრჩევლის დარწმუნებას შეეცდება, მაგრამ ადგილობრივმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. ცხინვალში საზოგადოებრივი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თითო კანდიდატი დაუპირისპიროს ერთმანეთს და საარჩევნო ველზე დუბლირებული კანდიდატების შემოყვანა აღარ მოხდეს. ბევრი მიიჩნევს, რომ თუ საქმე მეორე ტურამდე მივა, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი გახდება.