ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის მცირე შტატ ნიუ-ჰემპშირში, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებულ პრაიმერიში, თითქმის საბოლოო შედეგებით, გაიმარჯვა მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ, რომელმაც ხმების 39 პროცენტი მოიგო. მეორე ადგილზე გავიდა ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი - 23 პროცენტით. მესამეა ჩინეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ჰანტსმენი. წინასწარ არჩევნებში ეს მიტ რომნის მეორე გამარჯვებაა. ერთი კვირის წინ აიოვაში ჩატარებულ კოკუსში მან მინიმალური უპირატესობით დაამარცხა მეტოქე - რიკ სანტორუმი. საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში მოეწყობა. მასზე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იქნება მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. რესპუბლიკური პარტია თავისი კანდიდატის გამოვლენას გააგრძელებს 21 იანვრის პრაიმერიში, უკვე სამხრეთ კაროლინაში.