როგორ იძიებენ ყაზახეთში ჟანაოზენის სისხლისღვრას

ყაზახეთი - ქალაქი ჟანაოზენი 2011 წლის 18 დეკემბერს, დემონსტრანტებთან პოლიციის დაპირისპირებიიდან ორი დღის შემდეგ

ყაზახი ოპოზიციონერი მკაცრად აკრიტიკებს ოფიციალურ პირებს, რომლებიც, მისი შეფასებით, ზღუდავენ ქალაქ ჟანაოზენში მომხდარ ძალადობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ჟანაოზენში 16 ადამიანი დაიღუპა დემონსტრანტებთან პოლიციელების დაპირისპირების შედეგად. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ ცეცხლს უშენენ დემონსტრანტებს, რომლებიც ცდილობენ, თავს გაქცევით უშველონ. დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.
ჩვენ არ მიგვიღია პასუხი იმაზე, თუ ვინ დაუშვა ცეცხლის გახსნა, რატომ არ გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად ...

ყაზახეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, ამჟამად კი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ზაურეშ ბატალოვა ორიოდე დღის წინ იყო ჩასული ქალაქ ჟანაოზენში ფაქტების მოსაძიებელი მისიით, ინციდენტის გამომძიებელი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კომისიის წევრის რანგში. ის არ მალავს უკმაყოფილებას ვიზიტის შედეგებით. ოფიციალური პირები, ბატალოვას თქმით, მხოლოდ „ძალიან ზოგად“ ინფორმაციას იძლევიან 16 დეკემბრის მოვლენებზე, რომელთა შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 16 და დაიჭრა 100-მდე ადამიანი.

„ჩვენ არ მიგვიღია პასუხი იმაზე, თუ ვინ დაუშვა ცეცხლის გახსნა, რატომ არ გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი. სამწუხაროდ, არ მიგვიღია პასუხები ასეთ, უმნიშვნელოვანეს შეკითხვებზე“, - ამბობს ყაზახი ოპოზიციონერი ჟანაოზენში ვიზიტის შემდეგ.

დასავლეთ ყაზახეთში მდებარე ამ ქალაქში სისხლისღვრა მოხდა მას შემდეგ, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა ნავთობმრეწველობის მუშაკთა რამდენიმეთვიანი გაფიცვა. 16 დეკემბრის ამ ინციდენტის შემდეგ კვლავინდებურად ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობა. ამასთან, მედიისა და დამოუკიდებელი კომისიის წევრების ცნობით, შეზღუდულია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის შესაძლებლობა.

ბატალოვას თქმით, მას და ინციდენტის გამომძიებელი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კომისიის დანარჩენ წევრებს, მაგალითად, უარი უთხრეს დაპირისპირების დროს დაკავებულებთან, ან მათს ახლობლებთან შეხვედრაზე. ამას გარდა, პოლიციის უფროსმა, რომელსაც ევალება ჟანაოზენში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომების უზრუნველყოფა, უარი უთხრა საზოგადოებრივი კომისიის წევრებსა და ჟურნალისტებს მასთან საუბრის ჩაწერაზე, ან ფოტოსურათების გადაღებაზე. ბატალოვა იმასაც აღნიშნავს, რომ ჟანაოზენში ვიზიტისას თვალშისაცემი იყო პოლიციელების დიდი რაოდენობა, ისევე როგორც მათი აქტიურობა ქალაქისაკენ მიმავალ გზებზე აღმართულ ბლოკ-პოსტებზე, სადაც ამოწმებდნენ ავტომანქანებში მყოფ ყველა პირს.

ყაზახეთის ხელისუფლებას ნათქვამი აქვს, რომ გაეროს სთხოვა გამოძიებაში მონაწილეობა. თუმცა, გაეროს გენერალური მდივნის ოფისი, თავის მხრივ, იუწყება, რომ ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრისათვის ჯერ არ მიუმართავთ გამოძიებაში მონაწილეობის თხოვნით.

სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ვეტოთი დაბლოკა საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ჟანაოზენში არ უნდა ჩატარებულიყო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები. ნაზარბაევის შეფასებით, ქალაქში არჩევნების გაუქმება დაარღვევდა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს.

ხელისუფლებაში სჯერათ, რომ ვითარება დასავლეთ ყაზახეთში არ მოახდენს გავლენას საპარლამენტო არჩევნებზე. კენჭისყრა სულ რამდენიმე დღეში, 15 იანვარს უნდა ჩატარდეს.