ისრაელი ზრდის თავდაცვის ხარჯებს

ისრაელი 2012 წელს ექვსი პროცენტით გაზრდის თავდაცვისათვის გამოყოფილ დაფინანსებას, რაც დაახლოებით 780 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომლის თქმით არსებული საფრთხეების პირობებში შეცდომა იყო „სამხედრო ბიუჯეტის“ შემცირება. „ასეთ შემთხვევაში უფრო სწორია თავდაცვითი ხარჯების გაზრდა და, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დამატებით კიდევ 3 მილიარდი შეკელი გამოვყოთ სამხედრო ხარჯებისათვის, რაც 780 მილიონ დოლარს შეადგენს.“ ფრანს პრესის თანახმად, ისრაელის სამხედრო ბიუჯეტი გასულ წელს 14 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აქედან 3 მილიარდი აშშ-ის ყოველწლიურ სამხედრო დახმარებას შეადგენს. ბოლო ხანს შესამჩნევია ისრაელის ურთიერთობის გაუარესება ეგვიპტესა და თურქეთთან. ისრაელი შეშფოთებულია ასევე იმ საფრთხეებით, რაც ქვეყნას ირანის ბირთვული პროგრამა უქადის.