ქართული პრესის მიმოხილვა. 5 იანვარი, 2012

”ვანო მერაბიშვილი ინტერნეტით ჩვენს მისამართებსა და ტელეფონებს აგროვებს” - ასეთია დღვანდელი ”ახალი თაობის” მოწინავე სტატიის სათაური. თავად სტატიაში ლაპარაკია გამოკითხვაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს თავის ვებსაიტზე და რომელსაც ჰქვია ”გვითხარით, როგორ გემსახუროთ უკეთ”. გაზეთი წერს, ტოტალური მოსმენებისა და მოსახლეობის დაშინების ფონზე ეს სიახლეც სამინისტროს მიერ მასებზე კონტროლის მექანიზმად აღიქმებაო”.

”რეზონანსი” კითხულობს, რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს საახალწლო ღონისძიებებიო”, თუმცა კი ამ შეკითხვას პასუხს ვერ სცემს - ინფორმაცია ამის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. გაზეთი საკრებულოს წევრს, რესპუბლიკელ თინა ხიდაშელსაც გაესაუბრა, რომელსაც ზუსტი ინფორმაცია ასევე არ აღმოაჩნდა, თუმცა მან თქვა, ფრაგმენტულად რაღაცები ვიციო. მაგალითად, თბილისის საახალწლოდ განათება 3 მილიონი ლარი დამჯდარა, ეს ელექტროენერგიის გადასახადის გარეშე, პარლამენტის წინ გაშლილი საახალწლო სოფელი კი - 300 ათასი.

ქართული გაზეთები ბევრს წერენ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც „საკანონმდებლო მაცნეს“ კანონში სარედაქციო ცლილებების შეტანა შეეძლება. ”სააკაშვილმა მიღებულ კანონებში ცვლილებების უფლება დაიკანონა!” - ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს დღეს ”ალია”. გაზეთი წერს: ”მიშასა და ნაციონალების სამართალი ასეთია: პარლამენტი მისია, აღმასრულებელი ხელისუფლება - თავისთავად და ახლა უკვე დამტკიცებულ კანონებშიც შეიტანენ ისეთ ცვლილებას, როგორიც უნდათ, ვითომ ორთოგრაფიული შეცდომა იყოო..."

”ახალი თაობა” წერს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შესახებ. სათაურია - ”რას უპირებს კონტროლის პალატა ოპოზიციას”. გაზეთი წერს: ”ნაციონალებს ბიძინას ფულები იმდენად უყვართ, რომ ეს თანხები ოპოზიციისთვის არ ემეტებათ - ერთ დროს მათმა ბიძინამ ფულები ოპოზიციას რომ არ დაახარჯოს, ამისთვის კანონს კანონზე იღებენ. ისე, რა ამის პასუხია და, ამ თავგამოდებისთვის ივანიშვილმა ნაცმოძრაობას მადლობა უნდა გადაუხადოს. ამით ის ბევრ ფულს დაზოგავსო".