ქართული პრესის მიმოხილვა. 30 დეკემბერი, 2011

რამდენიმე დღევანდელი ქართული გაზეთი ცდილობს საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასოს და მას სახელი დაარქვას - სხვადასხვანაირ ”იზაციებს” იგონებენ. ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაურია, მაგალითად, ”სააკაშვილის ხრუშჩოვიზაცია”. გაზეთი იხსენებს 1961 წელს, როდესაც ხრუშჩოვის მითითებით გამკაცრდა კანონი სავალუტო ოპერაციების შესახებ და ამ კანონს უკუქმედების ძალა მიენიჭა, რის შედეგადაც ”ვალუტჩიკი” როკოტოვი დახვრიტეს. გაზეთი წერს, „ეს მსოფლიო იურისპრუდენციის პრაქტიკაში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კანონი გამკაცრდა და მას უკუქმედების ძალა მიენიჭა, მეორე კი, როგორც ჩანს, საქართველოში დაფიქსირდებაო”.

”საქართველოს რესპუბლიკას” კი სხვა ტერმინი აქვს მოფიქრებული - ”პადოშიზაცია”. ავტორი წერს, „ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ პოლიტიკაში ”ერამსები” არია და ”ოპოზიციური” ცეხები დახურა, ამიტომ ხელისუფლებაზე ადრე ეს ე.წ. ”შუა ოპოზიცია”ავიშვიშდა და ახლაც აგრძელებს წკმუტუნსო. თუმცა ეს ივანიშვილის ქარავანს ვერ შეაჩერებს და მის სვლას პადოშიზირებული ოპოზიცია ვერ შეაფერხებს, გინდაც გაერთიანდნენ და სიის პირველ ნომრად თვით ნაალპინისტარი პადოშა ჩაიყენონო”.

”24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს განათლების მინისტრთან, სათაურით -”საქართველოს განათლების სისტემა არ დააფინანსებს უხარისხო საერთაშორისო კვლევებს”. ინტერვიუში განხილულია ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევა, რომლის არც სახელს და არც ჩამტარებელს არც ჟურნალისტი ასახელებს და არც დიმიტრი შაშკინი, რომელიც კვლევის შედეგებს არ ეთანხმება. მინისტრი ამბობს, გვაქვს გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია და გაურკვეველ ორგანიზაციებს ფული რატომ უნდა გადავურიცხოთო.

დაბოლოს, ”ვერსიასაც” გადავხედოთ. წელს სიტყვის თავისუფლების მხრივ მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაზეთთან საუბარში ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აფასებს და ამბობს, 2011 წელი მედიისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდაო. ფოტორეპორტიორების დაკავება მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მართალია, სამივე მათგანი გაათავისუფლეს, მაგრამ თვითონ ფაქტმა სახელმწიფოს რეპუტაციაზე ლაქა დატოვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა თვითონ ჟურნალისტებზეც. ბოლო აკორდი კი ხელისუფლებამ მაშინ შეასრულა, როცა თბილისი პრესის ჯიხურებისგან გაწმინდა. ფაქტობრივად, სამუშაო პროცესი გაყინეს, გილიოტინა აღმართეს და თან გაგვაფრთხილეს, თუ ჭკუით არ მოიქცევით, "თავს წაგაცლითო".