მერია აცხადებს, რომ ახალი ინიციატივა არ ზღუდავს პრესის გავრცელებას



თბილისის მერიამ დღეს გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც განმარტავს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული კონკურსი გაზეთების ახალ ჯიხურებზე ემსახურება არსებული სადისტრიბუციო ქსელის გაუმჯობესებას და არა პრესის გავრცელების შეზღუდვას. 30 დეკემბერს ბეჭდური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს აქცია „ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას“, რომლის მონაწილეებმაც განაცხადეს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ ქალაქში განთავსებულ ჯიხურებს მიაკრავენ ე.წ. სტიკერებს, წარწერით: ”აქ არაფერი იყიდოთ, ამან წაართვა პრესას ჯიხური”. თბილისის მერიის თანახმად, პრესის გავრცელების მსურველებს, რომლებიც არ მიიღებენ აუქციონში მონაწილეობას ან მონაწილეობის შემთხვევაში ვერ გაიმარჯვებენ, შესაძლებლობა აქვთ სტელაჟები იმ ტერიტორიაზე განათავსონ, სადაც ადრე ჯიხურები ედგათ, ან იმ ადგილების მიმდებარედ, სადაც აუქციონი იყო გამოცხადებული, მაგრამ მათ გამარჯვება ვერ შეძლეს. სტელაჟის მოწყობის თვითღირებულება ბევრად ნაკლებია და, შესაბამისად, კომერციული თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, - აცხადებს თბილისის მერია.