რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძების წელი

მოსკოვი, 2011 წლის 24 დეკემბერი

პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ დეკემბრის თვეში გამართულმა ორმა საერთო-ეროვნულმა საპროტესტო გამოსვლამ, რაც, საყოველთაო შეფასებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლოგიკურად წარმოშვა შეკითხვა: იყო თუ არა 2011 წელი ღრმა ძილიდან რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძების წელი?

მმართველი „ედინაია როსიას“ მიერ სახელმწიფო დუმის არჩევნებში ძალიან საეჭვო გამარჯვებამ რუსეთის ათეულობით ქალაქის ქუჩებში ურბანული საშუალო კლასის ის წარმომადგენლებიც კი გამოიყვანა, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტიურ პროტესტს თავს არიდებდნენ და მთლიანად საკუთარ საქმიანობაში იყვნენ ჩაფლულები. ბრიტანული „ეკონომისტის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხების მიმომხილველი ედუარდ ლუკასი, რომელიც დიდი ხანია ადევნებს თვალს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებას, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძებას სწორედ საშუალო ფენის აქტივობით ხსნის:

„მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის საშუალო კლასმა, რომელიც მიჩვეული იყო არჩევანის გაკეთებას და უპირატესობას პირად ცხოვრებაში, სულ უფრო და უფრო მეტად გააცნობიერა, რომ მას არა აქვთ არჩევანი და უპირატესობა მონაწილეობა მიიღოს იმ საზოგადოებრივი საქმიანობაში, რომელსაც სახელმწიფო ეწევა. სახელმწიფო, სინამდვილეში, ცუდად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.“
1999-2000 წლებში პუტინმა ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა, თუ როგორ აპირებდა სვლას და ახლა იმკის თავისი შეხედულების ნაყოფს საშუალო კლასის სახით...

მაგრამ ამის გაცნობიერება რუსეთის საშუალო კლასმა დიდი დაგვიანებით დაიწყო, ამბობს ნიკოლას გვოზდევი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ომის კოლეჯის საერთაშორისო პოლიტიკისა და რუსეთის საქმეების სპეციალისტი. მისი თქმით, სულ ცოტა ხნის წინაც კი რუსეთის საშუალო კლასი ერთ მუშტად იყო შეკრული პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გარშემო, რომელიც ქვეყანას თითქმის 12 წელია მართავს. ასეთი კონსოლიდაციის მიზეზი კი, გვოზდევის დაკვირვებით, იყო სტაბილურობა, რითაც რუსეთის საშუალო კლასმა, პოლიტიკურ უფლებებზე უარის თქმის სანაცვლოდ, წარმატებული საქმიანობის გარანტია მიიღო. მაგრამ, როგორც 1980-იან წლებში სამხრეთ კორეაში, ტაივანსა და ჩილეში იყო, ახლად ჩამოყალიბებული საშუალო კლასი მიდრეკილია დაიცვას თავისი პოლიტიკური უფლებები და ამ თვალსაზრისით, გვოზდევის თქმით, პუტინი საკუთარი წარმატების მსხვერპლად იქცა:

„1999-2000 წლებში პუტინმა ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა, თუ როგორ აპირებდა სვლას და ახლა იმკის თავისი შეხედულების ნაყოფს საშუალო კლასის სახით, რომელიც უფრო შეკავშირებული და უფრო მოდერნიზებულია. ამგვარი განვითარების ხელშეწყობით, ეკონომიკაზე ფოკუსირების ხელშეწყობით, საშუალო კლასის ანდა, სულ მცირე, საშუალო შემოსავლის კლასის ხელშეწყობით, წარმოიშვა მოლოდინები და ახლა ხალხს სურს, რომ ეს მოლოდინები ახდეს.“
თქვენ გჭირდებათ განცდა იმისა, რომ არა მხოლოდ თქვენ ეკუთვნით ამ ტერიტორიას, არამედ ისიც გეკუთვნით თქვენ...

14 და 24 დეკემბრის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დიდწილად ორგანიზებული იყო სოციალური ქსელების მიხედვით, როგორიც არის ფეისბუკი და „ვკონტაკტ.რუ“, რაც სულ ცოტა ხნის წინაც კი წარმოუდგენელი იყო. მაგრამ სოციალურ ქსელებში აქტიურობას ხელი შეუწყო თავად ინტერნეტის განვითარებამაც რუსეთში. 2011 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ რუსეთში 43 პროცენტს მიაღწია, რაც საშუალოდ 60 მილიონ კაცს უდრის. მათ შორის არის ალექსანდრ გორბაჩოვი, ვებ პორტალ „აფიშის“ რედაქტორის მოადგილე.

„მე ბევრი არაფერი მაქვს საწუწუნო ბოლო 10 წლის მიმართ. მე მაქვს სამსახური, კარიერა, ჯანმრთელობა და კომფორტი, მაგრამ, საბოლოოდ, თქვენ გსურთ, რომ გახდეთ ნაწილი უფრო დიდისა, ვიდრე თავად ხართ - მით უფრო, ტერიტორიაზე, რომელზეც 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, - დაწერა თავის ბოლო ბლოგში ალექსანდრ გორბაჩოვმა. -„თქვენ გჭირდებათ განცდა იმისა, რომ არა მხოლოდ თქვენ ეკუთვნით ამ ტერიტორიას, არამედ ისიც გეკუთვნით თქვენ.“