უკვე ამოქმედდა ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი

არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია

საქართველოს პარლამენტის ”საკანონმდებლო მაცნეში” 29 დეკემბერს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების კანონი გამოქვეყნდა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია და პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება ამ კანონის რეგულაციათა დარღვევით აქვთ მიღებული და კანონის ამოქმედების მომენტისათვის თანხა არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა შემომწირველს დაუბრუნონ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.
დავაკვირდებით, როგორ იყენებს ხელისუფლება და პრაქტიკაში როგორ გამოიყენება ეს ნორმები. ასევე ვფიქრობთ ამ კანონის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში...

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 28 დეკემბერს დაამტკიცა. პრეზიდენტმა კანონს, როგორც აღმოჩნდა, იმავე დღეს მოაწერა ხელი. პრეზიდენტის მხრიდან ასეთ სიჩქარეს არ ელოდნენ კანონის ყველაზე აქტიური ოპონენტები, საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. 29 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ისინი - ”სამართლიანი არჩევნები”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” და კოალიცია ”არჩევანის თავისუფლება” - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლას და პრეზიდენტის სახელზე მიმართვის დატოვებას აპირებდნენ. ამ მიმართვით ისინი ითხოვდნენ, მიხეილ სააკაშვილს ვეტო დაედო არაკონსტიტუციური კანონისთვის და იგი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის დაებრუნებინა. კანონის გამოქვეყნებამ არასამთავრობოთა სტრატეგია შეცვალა: გაიმართა საპროტესტო აქცია, ოღონდ ვეტოს მოთხოვნა სხვა პირობით შეიცვალა:

”ახლა უკვე მთელ აქცენტს გადავიტანთ ამ კანონის აღსრულების მონიტორინგზე, რა თქმა უნდა, და დავაკვირდებით, როგორ იყენებს ხელისუფლება და პრაქტიკაში როგორ გამოიყენება ეს ნორმები. ასევე ვფიქრობთ ამ კანონის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში”, - გვითხრა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა სტრატეგიაში შედის ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების ინფორმირებულობა იმის შესახებ, რომ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” არღვევს კონსტიტუციის ნორმებს და აჩენს ეჭვს იმისას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არასამართლიან და არათავისუფალ გარემოში ჩატარდება. გარკვეული სკეფსისი არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართაც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ვადების შემჭიდროების თხოვნით მიმართეს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი ამბობს:

ნინა ხატისკაცი


”ვინ უნდა უჩივლოს, ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, გარკვეულწილად არ იყოს პრობლემა, თუმცა ვადებთან დაკავშირებით?.. 9 თვეა ვადა, რომლის განმავლობაშიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს და ეს 9 თვე ხანდახან რამდენიმე წელიც გრძელდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიები იძულებულნი იქნებიან, ეს აღასრულონ.”

პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი ის პარტიები, რომლებიც ყურადღების ცენტრში ამ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული ფინანსების გამო აღმოჩნდნენ, ამ ეტაპზე კანონმორჩილებას ანიჭებენ უპირატესობას. ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე, განმარტავს:

”კანონი თავისთავად უსამართლოა, არაადეკვატურია, ხელისუფლების შიშითაა გამოწვეული და, ამ კანონიდან გამომდინარე, ჩვენ ადეკვატურად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი საქმიანობის სწორად წარმართვას და ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებას წაადგება.”

ზურაბ აბაშიძემ არაფერი გვითხრა იმაზე, თუ რამდენი დაიხარჯა მისი პარტიის ანგარიშზე გადარიცხული 1 100 000 ლარიდან. კონსერვატორთა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა კი, თავის მხრივ, დააზუსტა, რომ ცალკეული პარტიის კუთვნილი თანხა ბუნებაში არ არსებობს:
ეს იყო კოალიციის ერთობლივი თანხა და, რა თქმა უნდა, მისი განკარგვაც ხდებოდა კოალიციის ერთობლივი გადაწყვეტილებით...

”ეს იყო კოალიციის თანხა მთლიანად, რომელიც არსებობდა ჩვენს ანგარიშზე თუ სხვა პარტიების ანგარიშზე. ეს იყო კოალიციის ერთობლივი თანხა და, რა თქმა უნდა, მისი განკარგვაც ხდებოდა კოალიციის ერთობლივი გადაწყვეტილებით.”

კოალიციის ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფირმებიდან, მთლიანობაში, 4 მილიონ 400 000 ლარი მიიღო. შესაბამისად, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ვინაიდან თანხა საერთო იყო, კოალიცია ერთობლივ განცხადებაში განმარტავს, რის გაკეთებას გეგმავს. თუმცა კონსერვატორთა ლიდერი აქვე დასძენს, რომ კანონის ფარგლებიდან გასვლა და შემოთავაზებული რეგულაციების დარღვევა გამორიცხულია.

პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ ცვლილებების კანონის ძალაში შესვლის ფაქტს 29 დეკემბერს თავად ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა:

”როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს პრეზიდენტი, ასე ვერ შეაჩერებს ხალხის თავისუფლებისაკენ სწრაფვას. მოხდება მოსახდენი დროულად და კანონიერად. ვგულისხმობ იმას, რომ ის აგონია და ის აპათია, რომელშიც იმყოფება დღეს პრეზიდენტი, ჩვენი ხელისუფალი, ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ამის დამამტკიცებელია. რაც მიიღეს დღეს, რომ შექმნეს პრეცედენტი მსოფლიოში და კანონს მისცეს უკუქმედების საშუალება, ამის მსგავსი ქმედებებით ვერ შეაჩერებს სააკაშვილი იმ პროცესს, რისთვისაც მოწოდებულია საქართველოს მოსახლეობა.”

კანონს უკუქმედების ძალა არა აქვს, გვითხრა, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ:
ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას...

”ზოგადად თუ შევაფასებდით, ამ კანონის მთავარი არსი და მნიშვნელობა გახლავთ ერთი რამ: პოლიტიკური პროცესი, დაფინანსებას რაც შეეხება, ყოფილიყო რაც შეიძლება გამჭვირვალე და თავისთავად ყველა პარტიას ჰქონოდა თანაბარი თამაშის საშუალება.”

საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე 29 დეკემბერს განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. განცხადებაში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობაზე.

”ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას”, - ნათქვამია განცხადებაში. ამერიკის საელჩო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2012 წლის არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობა განაგრძოს.