ევროკავშირის განცხადებით, უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება დასრულებულია, მაგრამ მასზე ხელმოწერა დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ პროცესზე კიევში. ამ შინაარსის განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ გააკეთა კიევში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე, რომლის ფონსაც ქმნის უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო. მოელოდნენ, რომ სამიტი დამთავრდებოდა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერით და შედეგად უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მაგრამ ტიმოშენკოსთვის პატიმრობის მისჯა, რასაც ევროკავშირი პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, იწვევს კრიზისს ბრიუსელთან კიევის ურთიერთობაში. ტიმოშენკომ დღეს ციხიდან გაკეთებული განცხადებით დაადასტურა მხარდაჭერა ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის მიმართ და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა დაადანაშაულა, „პოლიტიკური რეპრესიების“ გამოყენების შედეგად, ევროკავშირისაგან ქვეყნის გაუცხოებაში.