ჩეხეთში პატივს მიაგებენ ვაცლავ ჰაველის ხსოვნას

ჩეხეთში პატივს მიაგებენ წარსულში ცნობილი დისიდენტის, დრამატურგისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის - ვაცლავ ჰაველის ხსოვნას. ის 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრაღასა და ჩეხეთის სხვა ქალაქების ცენტრებში ჰაველის გარდაცვალებას მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლების დანთებით აღნიშნავენ. ვაცლავ ჰაველი ”ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერი იყო, რითაც 1989 წელს დასრულდა კომუნისტური მმართველობა ჩეხოსლოვაკიაში. მოგვიანებით ჰაველი იყო დემოკრატიული ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა, რომელიც წარსულში ჰაველის მეტოქე იყო მას ”ჩეხეთის სახელმწიფოს ჩეხეთის ახალი ეპოქის სიმბოლო” უწოდა. ჩეხეთის მედიის ცნობით, ვაცლავ ჰაველს პარასკევს დაკრძალავენ.