რუსეთში ჩატარებული გამოკითხვით, პუტინის პოპულარობა იკლებს

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პოპულარობა მიმდინარე წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. გამოკითხულების მხოლოდ 51-მა პროცენტმა მისცა დადებითი შეფასება პუტინის საქმიანობას, რაც 10 პროცენტით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. ეს შედეგი აჩვენა ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრის“ მიერ 10-11 დეკემბერს ჩატარებულმა გამოკვლევამ. საქმე ეხება პირველ გამოკითხვას 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებმა აჩვენა, რომ მხარდაჭერა შემცირებულია პუტინის პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ მიმართაც. მას ხმების 49,3 პროცენტი ერგო, თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს მხარდაჭერაც არჩევნების გაყალბების შედეგი იყო.